ამ თამაშით ვერ „გავფრინდებით”

0
185

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა  „რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეორე ტურის შეხვედრაში  აღნიშნულ ტურნირზე ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, ესპანეთი მადრიდში 23:10 დაამარცხა.  ანგარიშის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველომ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, მაგრამ მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით.

რუმინეთის მსგავსად, დღესაც გამოჩნდა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრები ერთი ტაიმის გუნდად ჩამოყალიბდა. გასაგებია, რომ ხელით თამაშს ვცდილობთ, მაგრამ ხელით აბდა-უბდა, პასების გაშვება არაა თამაში. რამდენიმე ეპიზოდში  ჩვენი ნაკრები დაცვაში ისე ცუდად მოქმედებდა, რომ ნებისმიერი გაცილებით მაღალი დონის გუნდი აუცილებლად დაგვსჯიდა.

შეხვედრაში ანგარიში ქართველმა მორაგბეებმა გახსნეს. მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში მოგებული დერეფანის შემდეგ, ტრადიციული მოლი შევკარით და შალვა მამუკაშვილმა დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში. ესპანელებმა მალევე გაგვითანაბრეს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ესპანელებმა იმაში გვაჯობეს, რაშიც ამ ტურნირზე ჩვენი მჯობნი ბევრი არ იყო. კარგად შეკრული მოლი და დასავლეთ საქართველოს „მატარებელივით” ,,შეგვახრიგინეს” ჩვენს ლელოში.

უნდა ვთქვათ, რომ „ბორჯღალოსნებმა” ვერ შეძლეს მეტოქისთვის თავიანთი თამაშის თავს მოხვევა და იძულებულნი გახდნენ ესპნაელებს არეულ თამაშში აყოლოდნენ. პირველ ნახევარში ის ორი ლელოც, უფრო ჩვენი ინდივიდიუალური ოსტატობის ხარჯზე დაიდო, ვიდრე კარგი თამაშის. ჯერ თედო აბჟანდაძემ იუველირის სიზუსტით ბრწყინვალედ  გადაუკიდა ფრთაზე ბურთი აკაკი ტაბუცაძეს, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისურით სადებიუტო შეხვედრა ლელოთი აღნიშნა. ტაიმის მიწურულს კი, შალვა მამუკაშვილმა შეძლო ლელოს დადება. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ეს იყო ჩვენი ბოლო ქულები ამ შეხვედრაში.

მეორე ტაიმი, პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს ნაკრებმა ჩააგდო. ჩვენი გუნდი მთელი 40 წუთი დაცვაში იდგა და რა თქმა უნდა, როდესაც პრეტენზია გვაქვს, რომ უფრო მაღალი დონის გუნდებთან თამაშს ვიმსახურებთ, ამ თამაშით ჩვენ შორს ვერ გავფრინდებით. დაცვაში იმდენჯერ გაგვიჭრეს ხაზი და ისეთ ელემენტარულ სიტუაციებში ვჯარიმდებოდით, მეტოქეს ცოტა მეტად შემოქმედებითად და ფანტაზიით რომ ეთამაშა, სხვა შედეგი დადგებოდა.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების უსახურ თამაშზე მეტყველებს ისიც, რომ მეორე ტაიმი უქულოდ დავამათავრეთ, წავაგეთ რამდენჯერმე ჩვენი შერკინებაც, მათ შორის  საკუთარ ხუთმეტრიანშიც კი, რასაც ბოლო წუთზე ესპანელთა ლელოც მოჰყვა.

საბოლოოდ, 23:10 საქართველომ მატჩი მოიგო და უდიდესი ალბათობით ტურნირსაც მოიგებს, მაგრამ ამ თამაშით შორს ვერ გავფრინდებით.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ