ანდრო ბითაძე: ფერენცვაროშთან ზედმეტი წნეხის გარეშე, თავისუფლად უნდა ვითამაშოთ

0
125

ქართული წყალბურთი ნამდვილად აღმავლობის გზას ადგას. ბევრი პრობლემის და გაუქმებული აუზების მიუხედავად, ქართველმა წყალბურთელებმა დაამტკიცეს, რომ ამ სპორტს საქართველოში მომავალი აქვს. 2020 წლის იანვარში საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. თბილისის დინამო კი, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ აღდგა, უკვე ევროპის 16 საუკეთესო კლუბს შორის, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის დინამოს ერთ-ერთი ლიდერი 22 წლის ცენტრალური თავდამსხმელი ანდრო ბითაძეა. პატარა ასაკის მიუხედავად, მას ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. სხვადასხვა დროს, ანდრო იადრანის(მონტენეგრო),რომა ვის ნოვას (იტალია), ბარსელონას (ესპანეთი) და სერბულ ცრვენა ზვედას რიგებში გამოდიოდა. 2019 წლიდან კი, თბილისის დინამოსთვის ირჯება.

ჩემპიონთა ლიგაზე ანდრომ თბილისის დინამოსთან ერთად სამი მატჩი ჩაატარა და მიუხედავად მარცხისა, თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა.

90wuti.ge ანდროს დაუკავშირდა და მას საინტერესო თემებზე ესაუბრა.

თბილისის დინამო პირველად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული წყალბურთის განვითარებისთვის ასეთი დონის ტურნირზე თამაში? 

– დიახ, თბილისის დინამო ასეთი დონის ტურნირზე პირველად თამაშობს და ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი გაზრდისა და განვითარებისთვის ევროპის ტოპ გრანდებთან თამაში აუცილებელია, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ წელს ჩემპიონთა ლიგაზე განსაკუთრებული იმედებით არ ვართ, რომ ბევრ თამაშს მოვიგებთ.

სამიდან სამივე მატჩი წავაგეთ. თითქოს კარგად ვიწყებთ თამაშს, მაგრამ რაღაც მომენტში ჩავარდნა გვაქვს. რა არის ამის მიზეზი? 

-კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამის მთავარი მიზეზი გამოუცდელობაა. მიუხედევად იმისა, რომ სამივე მატჩი წავაგეთ, რიგ ეპიზოდებში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, ლამაზი გოლებიც გავიტანეთ და დავამტკიცეთ, რომ ასეთ დონეზე თამაში შეგვიძლია. ჩავარდნებს რაც შეეხება, გამოცდილებასთან და კლასის მომატებასთან ერთად ჩავარდნებიც და შეცდომებიც მინუმამდე იქნება დაყვანილი.

მომდევნო მატჩი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან უნგრულ ფერენცვაროშთან გვაქვს. ამ თამაშში რა იქნება დინამოს მიზანი? 

– ფერენცვაროშთან მოგებას ჩვენთან არავინ ითხოვს და ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე უნდა ვითამაშოთ. მთავარია  ვეცადოთ ჩვენი წყალბურთის თამაშს და გულშემატკივარს კარგი მატჩის ხილვის შესაძლებლობა მივცეთ.

იანვარში საქართველოს ნაკრები მეოთხედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატს. როგორ შეაფასებდით  ჯგუფს და ჩვენი გუნდის შანსებს? 

– ევროპირველობაზე ,ჩვენი გუნდის მინიმუმი საუკეთესო 12 გუნდში მოხვედრაა, რაც ნამდვილად დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატზე სიკვდილის ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ყველა გუნდთან საბრძოლველად ჩავალთ აუზში და თავს არ დავზოგავთ. ჯგუფის მთავარი ბრძოლა კი, რა თქმა უნდა საფრანგეთთან გვექნება.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი დანამატია ჩვენი ნაკრებისთვის და თბილისის დინამოსთვის  ახალი ლეგიონერები-ბორის ლაპენსკი და ფაბიო ბარალდი? 

– ფაბიო ბარალდისა და ბორის ლაპენსკის, ორივეს უმაღლეს დონზე აქვთ ნათამაშები, ტიტულებიც არ აკლიათ და ვფიქრობ, ჩემპიონატის წინ, მათი დამატება საქართველოს ნაკრებს  ძალიან გააძლიერებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ