ბაჩო ხურციძე: ქართული რაგბი გარდატეხის პროცესშია და სწორი მუშაობაა საჭირო

0
295

2020 წლის იანვარში ქართულ რაგბიში ახალი ციკლი დაიწყება. სწორედ,  იანვარში ჩატარდება საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები და გაირკვევა იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც რაგბის კავშირს მომავალი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. თუ ვინ და ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და იქნება თუ არა ეს საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ჯერჯერობით უცნობია. დანამდვილებით, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება რომ პრეზიდენტობისთვის ბაჩო ხურციძე იბრძოლებს. ხურციძე რაგბის კავშირში 2008 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა და კავშირი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.

90wuti.ge ბაჩო ხურციძეს დაუკავშირდა. ჩვენ მას ქართულ რაგბზე და  პრეზიდენტობის შემთხვევაში მის სამომავლო გეგმების შესახებ ვესაუბრეთ.

 

-ბატონო ბაჩო, რაგბის კავშირში წლების განმავლობაში მუშაობდით და პირადად თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით საქართველოში ამ სპორტის სახეობის განვითარებაში. როდის და რატომ გადაწყვიტეთ, რომ  პრეზიდენტობისთვის გებრძოლათ?

-რაგბის კავშირში 2008 წლიდან ვმუშაობდი. პრეზიდენტობისთვის ბრძოლა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც მივხვდი, რომ ჩემი პოზიციიდან  ვერ შევძლებდი იმ მნიშვნელოვანი პროექტების  განხორციელებას, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული რაგბის წინსვლისთვის.

რა იყო რაგბის კავშირიდან თქვენი წამოსვლის მიზეზი?

-ამის მიზეზი ჩემი და რაგბის კავშირის პრეზიდენტის განსხვავებული ხედვა  და პრიორიტეტები გახდა. საუბარია რაგბის ეროვნული აკადემიის, 7-კაცა ნაკრების, ბავშვთა რაგბის, ეროვნული ნაკრების განვითარებაზე. როდესაც სტრატეგიულ მიმართულებებს არ ეთანხმები და შენს აზრს არ ითვალისწინებენ, ერთი გზა რჩება, წამოხვიდე და იმ პოზიციისთვის  იბრძოლო, საიდანაც შეძლებ ამ ცვლილებების განხორციელებას.

 

-2017  წლის შემდეგ, აშკარაა რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რეგრესირებს. რაგბი ევროპაზეც ვერ ვაჩვენეთ ის თამაში რაც გვსურდა. შემდეგ იყო ჩაგდებული ტესტები და კრახი მსოფლიო თასზე. ამაზე რას გვეტყვით?

-ნამდვილად არ იყო 2017 წლის შემდეგ ნაჩვენები თამაშები კარგი, ერთი შეხედვით ეს რეგრესს გავდა, თუმცა სამწვრთნელო შტაბმა ეს  იმით ახსნა, რომ ხდებოდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდის ფორმირება და ამან შეიწირა თამაშის ხარისხი და შედეგი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენებმა შედეგმა კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა. კრახი ხმამაღალი ნათქვამია იმის გათვალისწინებით, როგორ რთულ ჯგუფში მოგვიწია ყოფნა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატს ნამდვილად უარყოფითად შევაფასებდი. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ წინა მსოფლიოზე ორი თამაში მოვიგეთ და ამ მსოფლიოზე მხოლოდ ერთი. ამას ემატება თამაშის ხარისხი, რაზეც მე პირადად გაცილებით უკეთესის მოლოდინი მქონდა. ვფიქრობ ამ მსოფლიოს ჩავარდნას ქონდა კონკრეტული მიზეზები. პირველი ვფიქრობ უკეთესი იქნებოიდა ერთ-ერთი კონსულტანტი  ყოფილიყო  მაღალი დონის შეტევის მწვრთნელი და აქცენტი მხოლოდ დაცვაზე არ გაგვეკეთებინა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა სხვაგვარად გადაწყვიტა, წარომუდგენელია ასეთ გუნდებთან რაგბიში დაცვიდან გამარჯვება. მეორე მიზეზი ვფიქრობ არის ის, რომ ჩვენ ნაკრებში იყო თაობათა ცვლა და უამრავი ახალგაზრდა გვყავდა ვინც საერთოდ პირველად იყო ასეთი დონის ფორუმზე. ეს ახალგაზრდა გუნდი, რომელიც მომავლის იმედს გვაძლევს, მესამე ის, რომ ვფიქრობ ჩვენ ახლა ვართ განვითარების იმ ეტაპზე, სადაც გარდატეხის შეტანა შეიძლება მხოლოდ ფრანჩიზის არესებობის შემთხვევაში, ანუ გუნდს აკლდა მაღალი დონის თამაშების მუდმივად თამაშის გამოცდილება.

საქართველოში საკლუბო რაგბი, პირდაპირ ვთქვათ, არცთუ მაღალ დონეზეა. ამ მხრივ რა გეგმები გაქვთ?

-ვფიქრობ პირველ რიგში საჭიროა კაცთა გუნდებისთვის სავალდებულო გახდეს მწვრთნელების მესამე დონის ლიცენზია, რაც რაგბის კავშირს თავისუფლად შეუძლია განახორციელოს. ასევე უნდა მოხდეს შესაბამისი სპეციალისტების, მენეჯერი, ექიმი, ფიზმომზადების მწვრთნელები, ვიდეოანალისტთა გადამზადება, ამის რესურსიც აქვს რაგბის კავშირს, ამის განხორციელება თავისუფლად შეიძლება ერთ წელიწადში. ეს გაზრდის პროფესიონალიზმს და ხარისხს. უნდა მოხდეს შესაბამისი რეგულაციების მიღება, რომ მოხდეს თამაშის ტემპის აჩქარება და ნაკლები იყოს გაჩერება ესეც მიღწევადია. ასევე მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს თამაშის გამართვის წესებს და რეგულაციებს, პროფესიულ ჩემპიონატს ჭირდება პროფესიულად ჩატარებული თამაში, თუმცა შიდა ჩემპიონატი არ არის მარტო დიდი ათი ესაა მთელი ვერტიკალი- პირველი, რეგიონალური, ჭაბუკთა ლიგები, ფესტივალები, 7 კაცა, 7 ქალა, ხოლო საუნივერსიტეტო და სამოყვარულო ფაქტიურად არ გვაქვს, ბოლო ორი თავისი ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება გაიმართოს როგორც რაგბი 10 არის ასეთი სახეობა! დარწმუნებული ვარ ყველა მიმართულების გაუმჯობესება და დახვეწა შეიძლება, როგორ? ვფიქრობ ეს ცალკე საუბრის თემაა.

-ფრანჩიზას შესახებ, რომ გვითხრათ. რამდენად მნიშვნელოვანია და რას მისცემს ის ქართულ რაგბის?

-ფრანჩიზა არის რაგბის კავშირის მიერ დაკონტრაქტებული ნაკრების მოთამაშე და კანდიდატი მოთამაშეებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ასპარეზობს რომელიმე მაღალი დონის ტურნირში/ საკლუბო ჩემპიონატში. ამის უამრავი მაგალითია, არგენტინის ფრანჩიზა მონაწილეობს სამხრეთ აფრიკის  ჩემპიონატში ხოლო მეორე ფრანჩიზა სუპერ რაგბის გათამაშებაში, ასევე იაპონური ფრანჩიზა სუპერ რაგბიში, ფიჯის დრუა ავსტრალიის ჩემპიონატში. დღეს მსოფლიო რეიტინგში ჩვენს წინ სწორედ ფრანჩიზაზას დაფუძნებული გუნდები არიან, უკლებლივ ყველას აქვს მინიმუმ ერთი ფრანჩიზა ზოგ შემთხვევაში ხუთიც, მხოლოდ საფრანგეთს და ინგლისს არ ყავთ ფრანჩიზები, თუმცა ამ ქვეყნებს თავისთავად ისეთი ძლიერი ჩემპიონატები აქვთ, მათ ეს არც ჭირდებათ.  იქ მოასპარეზე თითოეული გუნდი ხომ ისედაც ფრანჩიზის სიძლიერისაა ან მეტიც და მსოფლიოს ვარსკვლავებით არის დახუნძლული. ჩვენ შემთხვევაში ვფიქრობ, სამხრეთ აფრიკაა ძალზედ რეალური ამას უნდა მონდომება, ძალისხმევა და ჩვენ იქ ჩართვა ძალზედ რეალურია. ეს მოგვცემს მაღალი დონის გუნდებთან ასპარეზობის შანსს, შეთამაშებულ, კარგად გაწვრთნილ ფიზიკურად და ტაქტიკურად გასწავლულ გუნდს, რაც თავის თავად აწევს ეროვნული ნაკრების სათამაშო კლასს! იმ პოზიციიდან, სადაც ეხლა ვიმყოფებით ვფიქრობ, ესაა ჩვენი შემდგომი განვითარების და გარდატეხის შეტანის ერთადერთი გზა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ