ბექა ბურჯანაძე: ქართული კალათბურთი სწორ გზაზეა და ნათელი მომავალი აქვს

0
96

ქართულ კალათბურთს უდიდესი ისტორია აქვს.  საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული კალათბურთელები, რომლებიც ინდივიდუალურ თუ გუნდურ დონეზე დიდ წარმატებებს აღწევდნენ.

ქართული კალათბურთის  ყველაზე დიდი გამარჯვება თბილისის დინამოს სახელს უკავშირდება. კალათბურთის და ზოგადად ქართული სპორტის  ისტორიას არასდროს დაავიწყდება 1961/62 წლების ევროლიგის სეზონი, რომელიც დინამომ ტრიუმფით დაასრულა და პრესტიჟულ ტიტულს დაეუფლა. ფინალურ შეხვედრაში თბილისელებმა სახელოვანი მადრიდის რეალი 90:83 დაამარცხეს (დინამოს მხრიდან ყველაზე მეტი ქულა (17) ვალერი ალტაბაევის ანგარიშზეა),  1968-69  და 1969-70 წლებში კი ევროპაში რანგით მეორე ტურნირი Fiba saporta cup-ის გამარჯვებულები გახდნენ.

არ შეიძლება, არ ვახსენოთ 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ფინალური მატჩი სსრკ-სა და აშშ-ს შორის, რომელიც საბჭოთა კავშირის გუნდმა 51:50 მოიგო. იმ გუნდში ორი ქართველი მოთამაშე – მიხეილ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე გამოდიოდნენ.

შედარებით ახლო წარსულიდან კი გვახსოვს ზაზა ფაჩულიას 16-წლიანი ამერიკული კარიერა და  ყველასთვის საოცნებო NBA ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2-გზის ჩემპიონობა.

დღეს ქართულ კალათბურთში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშეებიც მოდიან: გოგა ბითაძე, რატი ანდრონიკაშვილი და ა.შ. მათ გვერდს უკვე საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი გვარდია უმაგრებს.

ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბექა ბურჯანაძე გახლავთ, რომელიც ესპანური „გრან კანანიას” შემადგენლობაში გამოდის.

90wuti.ge  ბექა ბურჯანაძეს ესპანეთში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– ბექა, უპირველეს ყოვლისა, მოგიკითხავთ. იმედია, კარგად გრძნობთ თავს. როგორ ატარებთ თვითიზოლაციას?

– დიდი მადლობა მოკითხვისთვის! უფლის წყალობით, ჯანმრთელობის მხრივ კარგად ვარ. სახლის პირობებში ვცდილობ ფორმის შენარჩუნებას, მაგრამ, გამოგიტყდებით, ძალიან რთულია, კალათბურთელისთვის – მითუმეტეს, რადგან ჩვენ ოდნავ სპეციფიკური ვარჯიშები გვაქვს.

თუმცა ამ დღეებში ჩვენი გუნდი უკვე ვიწყებთ ინდივიდუალურ ვარჯიშებს, ფიზიკური დატვირთვაც მოიმატებს და ნელ-ნელა ფორმასაც აღვიდგენთ.

– პანდემიის დროს როგორი ვითარებაა ესპანეთში და საკალათბურთო სეზონის განახლება-გაუქმებაზე ხომ არ არის საუბარი?

– მე რა ინფორმაციაც მაქვს, ესპანეთში ყოველდღიურად იკლებს გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა. ქვეყანა ნელ-ნელა უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

რაც შეეხება ჩემპიონატს, ჯერ ყველა მოლოდინის რეჟიმში ვართ და არაფერი ვიცით. 31 მაისს არის ჩანიშნული ფედერაციის სხდომა და ამ სხდომაზე გადაწყდება ყველაფერი.

ბექა, გრან კანანიას 2019 წელს შეუერთდით და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებული სეზონი გაქვთ. ამ სეზონში საშუალოდ 20 წუთს ატარებდით პარკეტზე და 7.7 ქულას აგროვებდით. თავად როგორ შეაფასებთ სეზონს თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის? 

– ძალიან არაპროგნოზირებადი სეზონი გამოვიდა. მოთამაშეებიდან დაწყებული გუნდის ხელმძღვანელობით დამთავრებული, ყველა ვფიქრობთ, რომ გაცილებით კარგი შედეგის დაფიქსირება შეგვეძლო, მაგრამ წელს გუნდი თითქმის სრულად შეიცვალა. მოთამაშეების 90% წელს მოვედით გუნდში. ასევე, გვყავს ახალი მწვრთნელი და გარკვეული დრო გვჭირდება შესათამაშებლად, რომ უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.

რაც შეეხება ჩემს ინდივიდუალურ სეზონს, არანაირად არ ვარ კმაყოფილი. ყოველდღიურად ვმუშაობ, რომ შეხვედრიდან შეხვედრამდე ჩემი თამაშის ხარისხი გავაუმჯობესო. ყოველთვის ისე არ არის ხოლმე, როგორც  სურვილი გვაქვს. ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ასოციაციის გადაწყვეტილებას და იმედია, მომავალ თამაშებში უფრო კარგად შევძლებ ჩემი თავის წარმოჩენას.

– უკვე 10 წელია, რაც ესპანეთში ხარ და მეშვიდე წელია ევროპაში ყველა პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში თამაშობ. რომელ გუნდში გატარებულ პერიოდს გამოყოფდი შენს კარიერაში?

– ესპანეთში უკვე მეათე წელია რაც ვარ, მაგრამ ACB-ში მეშვიდე წელია რაც ვთამაშობ, აქედან ორი წელი მეორე დივიზიონში გავატარე. 17 წლის ვიყავი, როდესაც ACB-ში ჩემი დებიუტი შედგა. ამის მიუხედავად, ეს ჩემი მესამე წელია, როდესაც სოლიდური სათამაშო დრო მაქვს და ერთ-ერთი საკვანძო და მნიშვნელოვანი მოთამაშის ფუნქცია მაკისრია, მაგრამ ჯერჯერობით მაინც, ასე ვთქვათ, ახალბედა მოთამაშედ ვითვლები.

განსაკუთრებით მაინც ანდორაში გატარებულ პერიოდს გამოვყოფდი, სადაც ჩემთან ერთად გიორგი შერმადინი თამაშობდა და საკმაოდ წარმატებული სეზონიც გამოგვივიდა კლუბთან ერთად.

– ბექა, საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. იმ საოცარი თაობის შემდეგ ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ რას გვეტყვით?

– იმ საოცარი თაობის შეცვლა, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს კარიერა, ძალიან რთულია და ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ შვეიცარიასა და სერბეთთან შეხვედრებშიც დავინახეთ, რომ არაერთი გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდა კალათბურთელია, რომლებსაც უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლიათ. მთავარია, ჯანმრთელობამ შეუწყოს მათ ხელი და მუდამ ასეთი შრომისმოყვარეები იყვნენ.

ვფიქრობ, ეს მოთამაშეები რომ მიიღებენ კიდევ უფრო მეტ სათამაშო გამოცდილებას, საქართველოს ნაკრებს მაღალი მიზნებისთვისაც შეეძლება ბრძოლა. ასე რომ, ქართული კალათბურთი სწორ გზაზეა და დიდი მომავალი აქვს.

– როგორ ფიქრობთ, 2022 წელს საშინაო ევრობასკეტზე რა იქნება საქართველოს ნაკრების მიზანი?

-უპირველეს ყოვლისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურნირს ყველა ტრავმების გარეშე შევხვდეთ. სამწუხაროდ, არც ერთი ევრობასკეტი არ გვითამაშია ისე, რომ ოპტიმალური შემადგენლობით ვყოფილიყავით. ყველა ვაცნობიერებთ, რომ არც ერთი თამაში არ იქნება ადვილი და ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. მით უმეტეს, საშინაო კედლებში მოგვიწევს თამაში და ჩვენი გულშემატკივრისგან ყოველთვის დამატებით მოტივაციას ვიღებთ.

– ვინ არის თქვენი საყვარელი კალათბურთელი? 

– ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი ჩარლს ბარკლი იყო. პატარობაში სულ ვცდილობდი მისი თამაშების ყურებას, მისგან სწავლას. თან პარკეტსგარეთ ძალიან მხიარული და სასაცილო პერსონაჟია.

– დაასახელეთ თქვენი აზრით ყველა დროის საუკეთესო ხუთეული.

– მეჯიქ ჯონსონი, მაიკლ ჯორდანი, ლებრონ ჯეიმსი, ჩარლს ბარკლი და შაქილ ონილი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ