„ბორჯღალოსნებმა” რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს

0
139

თებერვალს, თბილისისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე” 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გაიმართა. საქართველო  აღნიშნულ ტურნირზე მისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქეს რუმინეთს საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასისთვის შეერკინა.

პირდაპირ ვთქვათ „ბორჯღალოსნების” ამ შემადგენლობიდან გაცილებით უკეთესს თამაშს ველოდით. პირველ ნახევარში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მოთამაშეებს ერთმანეთთან შეთამაშების პრობლემა ჰქონდა. როცა რუმინელების ჩათვლის მოედანს ვუახლოვდებით, ხან ბურთი წინ გვივარდებოდა, ხანაც მეტოქე რაქში ბურთზე თამაშს გვასწრებდა. ასევე, პირველ ნახევარში საშინლად გამოიყრუებოდა ჩვენი გუნდის დერეფანი. როდესაც ხედავ, რომ ბოლო კაცზე აგდება არ ამართლებს და ეს კომბინაცია მეტოქემ გაშიფრა, ესეიგი რაღაც არის შესაცვლელი, მაგრამ ეს ცვლილება არ ჩანდა.

თამაში ჩვენმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ „ბორჯღალოსანთა” შეტევებს ფანტაზია აკლდა.  მხოლოდ, მატჩის მეშვისე წუთზე თედო აბჟანდაძემ თავისი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოახერხა ე.წ. „ნულოვან ზონაში” სივრცის ათვისება, ხაზი გაჭრა და მეტოქის ჩათვლის მოედანშიც შევიდა.

გატანილი ლელოს შემდეგ, საქართველოს ნაკრების თამაშში პრობლემები დაიწყო.  ჩვენს ნახევარზე რუმინელთა პირველი გადმოსვლა ჯარიმით და სამი ქულით დასრულდა. საჯარიმო დარტყმად ზუსტად ფლორინ ვლაიკუმ შეასრულა, რასაც მალევე მეორე  ზუსტი დარტყმაც მიაყოლა და  თავისი გუნდი დააწინაურა. -5:6

38-ე წუთზე კი, თედო აბჟანდაძემ თავის რუმინელ ვიზავის ტოლი არ დაუდო და ზუსტი საჯარიმო დარტმით ჩვენი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა  და ტაიმიც ასე დასრულდა.

ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ, რომ ჩვენი გუნდი ჩაგდებული პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმს გაცილებით უკეთ ვატარებთ, მაგრამ ამ თამაშში დიდადამასაც ვერ ვიტყვით. მიუხედავად იმისა, რომ თამაში მოვიგეთ, ეს უფრო მაღალი კლასის ხარჯზე მოხდა, ვიდრე კარგი თამაშის.

მეორე ტაიმის პირველი ლელო  ლევან მაისაშვილის შეგირდებმა დადეს. მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში თედო აბჟანდაძემ ხაზი კარგად გაჭრა, მაგრამ შეაჩარეს, ვასილ ლობჟანიძის  პასით კი, მირიან მოდებაძემ დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში. მაგრამ, რუმინელებმა ჩვენს ნახევარზე პირველივე გადმოსვლით ანგარიში გაათანაბრეს. ფლორინ ვლაიკუმ გარდასხული ლელოთი რუმინეთი თამაშში დააბრუნა.

როგორც რაგბის ექსპერტები იტყვიან, ნამდვილი რაგბის თამაში ბოლო 25 წუთში იწყებაო და და სწორედ ბოლო წუთებში გადაწყდა მატჩის ბედი. შეტევის ფაზაში დიდად არაფერი შეგვიცლია და ისევ კლასიკური სტილით მოვახერხეთ მეტოქის დალელოვება. ჯერ  რუმინელთა ხუთმეტრიანში დერეფანი მოვიგეთ, კარგი მოლი შევკარით და  კოლექტიური შეტევა ბექა გიგაშვილმა დააგვირგვინა. ცოტა ხანში, ჩვენი ნაკრების ცენტურიონმა დავით კაჭარავამ, რომელიც დღეს „ბორჯღალოსანთა” რიგებში 120-ე მატჩს ატარებდა იუბილე დუბლით  აღნიშნა.  თედო აბჟანდაძემ სამივე   ლელო გარდასახა. თუმცა ყველაფერი არც ამით დამთავრებულა. ბოლო წუთზე რუმინეთი საერთოდ მოიშალა და ჩვენებმაც გაილაღეს.  მატჩის ბოლო წამებზე ლელო გიორგი ჭყოიძემ ადო. თედო აბჟანდაძემ კი, ზუსტი გარდასახვით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბოლოოდ, 41:13  და არცთუ კარგი ხარისხის და სანახაობრიობის მიუხედავად,  საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი მეორე ნახევარში მაინც საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი მეთოთხმეტედ დაამარცხა და კიდევ ერთხელ აღმართა ანთიმოზ ივერიელის თასი.

 

 

ვლაიკუს ჯარიმა

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ