ბუდუ ზივზივაძე: ვაისის ასისტენტები იყვნენ ჩემს თამაშებზე

0
271

2015 წელს საფეხბურთო კლუბ სამტრედიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ცეცაძე დაინიშნა, რომელმაც ამ პატარა „ძმობისა და მეგობრობის ქალაქში” საფეხბურთო ისტორია დაწერა. ცეცაძე სამტრედიამდე საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (ევროპის რვა საუკეთესო გუნდი) გასვლა მოახერხა. ამ საოცარი თაობის ფეხბურთელები გარკვეული დროით სხვადასხვა ქართულ კლუბებში გამოდიოდნენ, მაგრამ იქ მათ თავის დამკვიდრება ვერ მოახერხეს. გიორგი ცეცაძემ სამტრედიაში სწორედ ამ ფეხბურთელებს უხმო. თავიდან ამ ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდს ყველა ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ იმ სეზონში გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, მომდევნო წელს კი საფეხბურთო კლუბ სამტრედიის დაარსებიდან 80 წლის თავზე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სამტრედიელთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და საჩხერის ჩიხურასთან ფინალური მატჩების გმირი ბუდუ ზივზივაძე გახლდათ. ორ მატჩიან ფინალურ დაპირისპირებაში მან 2 გოლი გაიტანა და 1 პენალტიც მოინადირა.

ამის შემდეგ ბუდუ დანიურ ესბიერგში გადავიდა, სადაც მისი კარიერა არცთუ ისე კარგად აეწყო და ისევ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. მან თბილისის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოშიც დაამტკიცა მაღალი კლასი და გასულ ზაფხულს უნგრულ მეზოკოვეშდში  გადავიდა, სადაც მცირე დროში გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა.

90wuti.ge ბუდუს უნგრეთში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ  ჩაწერა.

– ბუდუ, უპირველეს ყოვლისა, მოგიკითხავთ. როგორ გრძნობთ თავს და ამ ვირუსის ფონზე როგორი ვითარებაა უნგრეთში? 

– როგორც ყველგან, აქაც ყველაფერი გაჩერებულია, მაგრამ ისეთი მკაცრი შეზღუდვები, როგორიც საქართველოშია, არ არის. მე, უფლის წყალობით, თავს კარგად ვგრძნობ.

– როგორც ვიცით, უნგრეთში გუნდების სავარჯიშო პროცესი განახლდა და მაისში ჩემპიონატის განახლებაც იგეგმება. 

– ვარჯიშები რვა აპრილიდან დავიწყეთ. გუნდი 8-8 კაციან ჯგუფებად დავიყავით და ასე ვვარჯიშობთ. მომავალი კვირიდან კი უკვე სრული გუნდი ვივარჯიშებთ ერთად. დაგეგმილი გვაქვს სამი ამხანაგური შეხვედრა. ჩემპიონატი 23 მაისს განახლდება და მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

– წელს ძალიან მაგარი სეზონი გაქვს. 11 გოლი გაიტანე და მოკლე დროში გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდი. თავად როგორ შეაფასებთ სეზონს თქვენთვის და გუნდისთვის? 

– სეზონს, რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ. პირველ სეზონს ვატარებ. როგორც აღნიშნეთ, მცირე დროში გუნდის ლიდერად ჩამოვყალიბდი და მნიშვნელოვანი გოლების გატანაც მოვახერხე. შემეძლო, გაცილებით უკეთესი სტატისტიკაც მქონოდა, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველა მომენტს გოლად ვერ აქცევ.

შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მე ყოველთვის უკეთესის სურვილი მაქვს და მოუთმენლად ველოდები სეზონის განახლებას. გუნდისთვის ეს ისტორიული სეზონია. თასის ნახევარფინალში ვართ გასული, ასევე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად ვიბრძვით და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება.

– მეზოშკოვედი აქამდე განსაკუთრებული შედეგებით არ გამოირჩეოდა, მიმდინარე სეზონში კი უნგრეთის ჩემპიონატში ნამდვილად გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობს. წლევანდელ სეზონში მეზოშკოვედის ასეთი კარგი გამოსვლა რით არის განპირობებული? 

– ნამდვილად, ეს კლუბი დიდი ისტორიით არ გამოირჩევა. მხოლოდ ახლა წერს ისტორიას და მოხარული ვარ რომ მეც ამის ნაწილი ვარ.

უპირველეს ყოვლისა,  ეს არის იმ პროფესიონალიზმისა და საქმისადმი მიდგომის დამსახურებაა, რაც გუნდის ყველა წევრს აქვს – ფეხბურთელებით დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული. ასევე, ვფიქრობ, უნგრეთში საუკეთესო მწვრთნელი გვყავს. გუნდში ძალიან მეგობრული ატმოსფეროა და, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან ასეთი დამოკიდებულება შედეგებზეც მოქმედებს.

– ამ მოცემულობით, ევროსარბიელზე რა იქნება მეზოშკოვედის მაქსიმუმი?

– ევროპა ლიგაზე გუნდს პირველი საკვალიფიკაციოდან მოუწევს ასპარეზობაში ჩართვა და რაიმე განსაკუთრებული შედეგის დაფიქსირება რთული იქნება. ფლეიიოფი კარგი შედეგი იქნება და გუნდი თუ გაძლიერდა, ჯგუფურ ეტაპზეც შეიძლება გაბრძოლება. გამართლებაზეც ბევრი იქნება დამოკიდებული და იმედია, თავიდანვე გრანდებს არ შევხვდებით.

– ბოლო წლებში საქართველოს ჩემპიონატის  საუკეთესო თავდამსხმელი იყავით. თქვენგან საინტერესო იქნება ეროვნული ლიგისა და უნგრეთის ჩემპიონატის შედარება.

– უნგრეთში უფრო მაღალ ტემპში თამაშობენ და ფიზიკურად ფეხბურთელები გაცილებით უკეთ არიან მომზადებულნი, ვიდრე ეროვნულ ლიგაში. ინფრასტრუქტურით კი ძალიან წინ არიან.

ყველა მატჩის ტრანსლაცია ხორციელდება და კარგია, რომ ამ მხრივ საქართველოშიც გამოსწორდა მდგომარეობა.

– თქვენნაირი შედეგიანი თავმდამსხმელი საქართველოს ნაკრებს ნამდვილად ძალიან სჭირდება. ამ მხრივ, რას გვეტყვით. ასეთი კარგი სეზონის შემდეგ თუ არის ვლადიმირ ვაისის მხრიდან თქვენდამი ინტერესი გაზრდილი? 

– ერთა ლიგის ფლეიოფი როდესაც მოახლოვდა, ვაისის ორი ასისტენტი იყო უნგრეთში ჩამოსული ჩემი თამაშების სანახავად. აშკარაა, რომ ვაისის მხრიდან არის დაინტერესება, რაც მეტ სტიმულს მაძლევს.

დიდი სურვილი მაქვს ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელორუსის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშო და რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, თავს არ დავზოგავ. დანარჩენი უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ