გიორგი ბაქრაძე: ფეხბურთს დიდი ინტელექტი სჭირდება

0
98

სანამ მსოფლიოში ყველა და ყველაფერი შეჩერებულია და თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმებულია, 90wuti.ge ახალ რუბრიკას გთავაზობთ. ჩვენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ ადამიანებთან ინტერვიუებს შემოგთავაზებთ, რომლებსაც ფეხბურთი ძალიან უყვართ და ერთად გავიგებთ მათი საფეხბურთო გემოვნების შესახებ.

ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარი ქართველი მოაზროვნე, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?” მაგისტრი გიორგი ბაქრაძე იქნება.

– როდის დაიწყეთ ფეხბურთის ყურება? 

– ჩემი ფეხბურთის მიმართ სიყვარული ადრეულ ასაკში იწყება. პირველი დიდი საფეხბურთო ტურნირი, რომელიც კარგად მახსოვს, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატია. ამ მუნდიალზე ვიხილეთ ნამდვილი „სელესაო”. ბრაზილიის ნაკრები მაშინ ნამდვილად ლამაზ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა და მახსოვს როგორ განვიცადე, რომ ბრაზილია ჩემპიონი ვერ გახდა.

– ვინ იყო გამორჩეული მოთამაშე, ვინც ფეხბურთი შეგაყვარათ?

– ძალიან გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. რამდენიმე მოთამაშის დასახელება შემიძლია, მაგრამ პირველი, ვისი თამაშითაც მოვიხიბლე, ეს სოკრატისი იყო.

– დიდი ხანია, რაც მანჩესტერის გულშემატკივარი ბრძანდებით?

– მანჩესტერ იუნაიტედს სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში მოსვლის შემდეგ ვქომაგობ. მანამდე „წითელი ეშმაკების” შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ფერგიუსონმა ამ გუნდში და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთში ნამდვილი ეპოქა შექმნა. იმის შემდეგ გუნდს გარკვეული ჩავარდნა აქვს, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედი იყო, არის და იქნება პრემიერ ლიგაში გამორჩეული გუნდი.

– როგორც მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარს, წლევანდელი სეზონის გაუქმება უფრო გეწყინებათ, თუ ლივერპულის ჩემპიონობა?

– როგორც მანჩესტერ იუნაიტედის ყველა გულშემატკივარს, რა თქმა უნდა,  სეზონის გაუქმება მირჩევნია. რაც უნდა ლამაზ და კარგ ფეხბურთს თამაშობდეს, ლივერპულის ჩემპიონობა არცერთ შემთხვევაში არ იქნება სასიამოვნო.

– როგორ უკავშირდება ერთმანეთს ფეხბურთი და ინტელექტი?

– საზოგადოებაში, განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებაში, არის ასეთი სტერეოტიპი, რომ ფეხბურთელებს მხოლოდ „ბურთის გორაობა“ შეუძლიათ და მათი ინტელექტუალური შესაძლებლობი დაბალია. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმ მოსაზრებას, რომ ფეხბურთელებს ინტელექტი არ აქვთ ან ვინმეზე ნაკლები აქვთ. ფეხბურთს არანაკლები ინტელექტი და გონებამახვილობა სჭირდება. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში რამდენიმე დიდი ფეხბურთელის დასახელება შეგვიძლია, რომლებიც უდიდესი მოთამაშეები სწორედ თავიანთი მაღალი საფეხბურთო ინტელექტის გამო გახდნენ: ზინედინ ზიდანი, ანდრეს ინიესტა და ა.შ.

ასევე, მე ცოტა ხნის წინ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშე ინტელექტუალური თამაში და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. კარგია, რომ ქართველი ფეხბურთელები თამაშისა და ვარჯიშის გარდა, განათლებისთვისაც იცლიან.

– ქართულ ფეხბურთზე რა აზრის ხართ?

– ქართული ფეხბურთი ჩემთვის თბილისის დინამოსთან ასოცირდება. 1981 წლის ლეგენდარული თამაშის დროს პატარა ვიყავი და ის თამაში არ მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს, რა ხდებოდა ქუჩებში და რამხელა სიხარული მოგვანიჭეს მაშინ მთელ ერს ამ ბიჭებმა.

საქართველოს ნაკრებს რთული პერიოდი ჰქონდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ  ქართულ ფეხბურთშიც ბევრი რამ შეიცვალა და უცაბედადვე წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. ახლა კი ერთა ლიგაზე გვაქვს ისტორიული შანსი და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშს მოახერხებს.

ვლადიმირ ვაისი გადამწყვეტ რაუნდს თუ აიღებს, მეც შევეცდები გუნდის დახმარებას (იცინის).

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ