გიორგი ნემსაძე: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა

0
728

საქართველოსა და მსოფლიოში Covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ყველა სპორტული ღონისძიება გაურკვეველი ვადით შეწყდა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დღეს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 21:00-06:00-მდე ე.წ. „კომენდანტის საათი” დააწესა.

ამ მძიმე მდგომარეობის დროს, შეჩერებულია Crystalbet ეროვნული ლიგაც, რომელიც სულ რაღაც ორი ტურის დაწყებული იყო და ფეხბურთელები საშინაო პრიობებში, ინდივიდუალურად ცდილობენ ფორმის შენარჩუნებას.

90wuti.ge  ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ამჟამად კი გორის დილას მთავარ მწვრთნელს, გიორგი ნემსაძეს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

– ბატონო გიორგი, უპირველეს ყოვლისა, ვიმედოვნებთ, რომ ჯანმრთელობის მხრივ კარგად ხართ.

– მადლობა მოკითხვისთვის. უფლის წყალობით, კარგად ვარ და მაქსიმალურად ვიცავ ყველა იმ რეკომენდაციას, რომლებსაც ჯანდაცვის სექტორი გასცემს.  ქედს ვიხრი ქართველი ექიმების პროფესიონალიზმის წინაშე, მაგრამ ეს  „ბრძოლა” მხოლოდ ექიმებმა კი არა, ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ. რომელიმე ჩვენგანის ერთმა უპასუხისმგებლო ნაბიჯმაც კი შესაძლოა ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ასე რომ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, საკუთარ თავს და ერთობლივად შევძლებთ ამ უხილავი მტრის დამარცხებას.

– ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და, შესაბამისად, გუნდის საწვრთნელი პროცესიც შეჩერებულია. გორის დილამ სეზონის დაწყების წინ საკმაოდ ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა და გამოდის, რომ ეს ყველაფერი წყალში ჩაიყარა და მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ გუნდს ხელახლა მოუწევს ფორმის აკრეფა. ამაზე რას გვეტყვით? 

– მოთამაშეებს გარკვეულ მითითებებს ვაძლევთ, სახლის პირობებში რა სახის ფიზიკურ ვარჯიშებზე გააკეთონ აქცენტი, რომ ფიზიკური კონდინციები შეინარჩუნონ.

რა თქმა უნდა, ასეთი გრძელი პაუზა მოთამაშეების ფორმასა და შეთამაშებლობაზე ცუდად იმოქმედებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

– იმის გათვალისწინებით, რომ გორის დილას სეზონის ორი საწყისი მატჩი გასვლაზე ჰქონდა, დასაწყისი საკმაოდ კარგი გამოუვიდა და 4 ქულით მეორე პოზიციაზეა. საწყის მატჩებში თქვენი გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებთ და ასევე ახალწვეულებზეც გკითხავთ. წინა ინტერვიუს დროს თქვენ ახსენეთ, რომ რამდენიმე ახალი მოთამაშით იმედგაცრუებული ხართ. ახლა რას იტყვით ამის შესახებ?

– ხოტბას ვერ შევასხმამ. ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ თამაშის ხარისხითა და მიმდინარეობით, განსაკუთრებით თელავთან შეხვედრაში, მაგრამ მთლიანობაში პირველ ორ მატჩში მაინც სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ.

ახალწვეულებს რაც შეეხება, ჯერ რაიმე დასკვნების გამოტანა ძალიან რთულია. ახალწვეული გუნდში იმიტომ მოგყავს, რომ მან გუნდი გააძლიეროს და ჯერჯერობით ეს გაძლიერება არ ჩანს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

– მამაიე კულიბალის ტრანსფერის შესახებაც გკითხავთ. გავრცელებული ინფორმაციით, ის გორის დილას უნდა შეერთებოდა, მაგრამ არც კლუბის ოფიციალურ განაცხადში და არც ეროვნული ლიგის საიტზე მის შესახებ არაფერი წერია. ამაზე რას გვეტყვით? 

– კულიბალს საბუთებზე შეექმნა პრობლემები და ამიტომ იყო ეს გაუგებრობა. როგორც ვიცი, უკვე ყველაფერი მოგვარდა და ისიც შემოგვიერთდება. ასევე, ამ ფეხბურთელთან ენობრივი ბარიერიც სერიოზული პრობლემაა. მან ინგლისური არ იცის და ელემენტარული კომუნიკაციაც კი ძალიან ჭირს.

ფოტო: Google

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ