გოჩა სვანიძე კრიტიკას გაურბის | კითხვები არ მოეწონა და და-„seen”-ა

0
266

24 თებერვალს საქართველოს რაგბის კავშირი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. სწორედ, ქართული სარაგბო თემი აირჩევს ადამიანს, რომელიც მომავალ ციკლში ქართულ რაგბის წინსვლის გზაზე დააყენებს და ამ მცირე რეგრესს, რომელიც აშკარაა, დაასრულებს.

პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი:  რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირი მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ბაჩო ხურციძე და  საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ.

ჩვენ შემოგთავაზეთ ინტერვიუ პრეზიდენტობის ორ კანდიდატთან-ირაკლი აბუსერიძესთან და ბაჩო ხურციძესთან. გოჩა სვანიძემ კი, თავდაპირველი თანხმობის მიუხედავად, ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. ბატონი გოჩას სურვილი იყო, რომ ჩვენ მისთვის კითხვები ელექტრონულ ფორმატში გადაგვეგზავნა, რაც ასეც გავაკეთეთ, მაგრამ… როგორც ჩანს, ბატონ გოჩას, მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ სასაუბრო თემებზე სურს  ჟურნალისტებთან საუბარი (კარგად, რომ მოემზადოს ალბათ) და კრიტიკული კითხვებით გამსჭვალულ ჟურნალისტს პასუხსაც არ სცემს.

21-ე საუკუნეში ჟურნალისტს იმის გამო ემალები, რადგან მან  შენი მისამართით კრიტიკა გამოიჩინა( ჯანსაღი კრიტიკა და არა არაეთიკურობა) რა ჰქვია ამას, თქვენთვის მომინდვია.

რაც შეეხება ბატონ გოჩას მოღვაწეობას რაგბის კავშირის პრეზიდენტობის პოსტზე.

  1. 7-კაცა რაგბის განვითარებაზე ზრუნვა, რომელიც 2016 წლის არჩევნების წინ, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. შეიცვალა მწვრთნელთა სტაფი. მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ზაალ ლეჟავა და საქართველოში 7-კაცა რაგბის სერიოზული კრიზისიც დაიწყო. მაშინ, როდესაც ზედიზედ სამი მსოფლიო ჩემპიონატი ვითამაშეთ (2001, 2005, 2009) ამ ოთხი წლის განმავლობაში ვერცერთ გრანპრიზე 8-გუნდშიც კი ვერ შევედით. 2009 წელს, მოსკოვში  მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ძალიან ცოტა დააკლდა მეოთხედფინალში გასასვლელად, ამჯერად კი, სხვადასხვა გრანპრიზე, ძირითადად ტურისტებად დავდივართ.
  2. ბატონი გოჩას ინიციატივა, რომ ქართულ კლუბებს ევროსარბიელზე ეთამაშათ. უნდა ითამაშონ რა თქმა უნდა, მაგრამ არა ვალებით. საქართველოს ჩემპიონი და ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის ლოკომოტივი ნასესხები ფულით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გავიდა კონტინტენტის ფარზე. გასვლაზე მოუგო იტალიურ კალვიზანოს, რომელმაც იმავე წელს ჩელენჯ თასზე ითამაშა. ლოკომოტივი კი, დღეს ფინანსურ კრიზისშია და ქვეყნის უმაღლეს სარაგბო დივიზიონში დარჩენისათვის იბრძვის.
  3.  საკლუბო რაგბი ვერ ვითარდება. ასეთი დაბალი ტემპი და გაუთავებელი შერკინებები,  საქართველოს გარდა სად არის კიდევ?  თამაშის მიმდინარეობისას მორაგბეებს 1-დან 15-მდე ნუმერაციის მაისურები რომ უნდა ეცვათ და 49 ნომრიანი მაისურით არ უნდა თამაშობდნენ ძალიან ელემენტარულია.  ნებისმიერ საერთაშორისო თუ ადგილობრივ მატჩზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომ მოედანზე უნდა იყოს მობილიზებული, საუბარიც არ უნდა.
  4. დიდი 10-ის ქართველი მორაგბეები და მათ შორის გამორჩეულებიც, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მიდიან სათამაშოდ.

ეს 2015-2019 წლებში ქართულ რაგბიში დაგროვებული პრობლემების არასრული ჩამონათვალია. იმედია,  24 თებერვლის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, რომელიც არ უნდა იყოს, შეძლებს ამ პრობლემების გადაჭრასა და მედიას არ დაემალება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ