გურამ სამუშია: ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს ვიყავი და ახლა თავიდან ვიწყებ ყველაფერს

1
241

საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენებისა და Covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა სპორტული თუ კულტრული ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო. 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გუშინ კი საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით 21:00-06:00 მდე ე.წ. „კომენდანტის სააათი” დაწესდა.

სხვა სპორტულ ღონისძიებებთან ერთად, შეწყდა Crystalbet ეროვნული ლიგაც, რომელიც სულ რაღაც ორი ტურის დაწყებული იყო.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართული ფეხბურთის ელიტას კახური გუნდი დაუბრუნდა. საფეხბურთო კლუბმა თელავმა, რომელიც სულ რაღაც 4 წლის წინ დაარსდა, ეტაპობრივი და სწორი განვითარების შედეგად შეძლო ამ წარმატების მიღწევა. კახელებმა Crystalbet ეროვნული ლიგის საწყის ორ ტურშიც მრისხანე მეტოქეების წინააღმდეგ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ჯერ თბილისის დინამოსთან ითამაშეს ფრე, შემდეგ კი გორის დილასთან გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ.

ახლა გუნდის საწვრთნელი პროცესი შეჩერებულია და მოთამაშეებს ფორმის შენარჩუნება ინდივიდუალურად, სახლის პირობებში უწევთ.

90wuti.ge საფეხბურთო კლუბ თელავის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს გურამ სამუშიას დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა. გეტყვით იმასაც, რომ 25 წლის თავდამსხმელი გასულ სეზონში სამტრედიას ღირსებას იცავდა და ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მან 32 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.

– გურამ, უპირველეს ყოვლისა, თქვენს  ჯანმრთელობაზე გკითხავთ. იმედია, კარგად გრძნობთ თავს.

– მადლობა მოკითხვისთვის, უფლის წყალობით, კარგად ვარ. თვითიზილაციას  ოჯახთან ერთად ვატარებ. სპორტსმენისთვის ძალიან რთულია ამდენი ხნის განმავლობაში უსაქმოდ ყოფნა, მაგრამ მხოლოდ ასე შევძლებთ ამ უხილავი მტრის დამარცხებას.

-ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეხბურთელებს თავიდან მოგიწევთ ფორმის აკრეფა. სახლის პირობებში როგორ ცდილობთ ფორმის შენარჩუნებას და ძირითადად რა სახის ვარჯიშებს ასრულებთ? 

– ამ პაუზის შემდეგ, ყველა გუნდს თავიდან მოუწევს ფორმის აკრეფა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. მთელი თვეები ახალი სეზონისთვის ვემზადებოდით. საკმაოდ ნაყოფიერი შეკრებები გავიარეთ თელავში და შემდეგ თურქეთში. ფეხბურთელები ძალიან ახლოს ვიყავით ოპტიმალურ ფორმასთან და გამოდის, რომ ეს ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა.

მწვრთნელებმა მოგვცეს გარკვეული მითითებები, სახლის პირობებში როგორ ვივარჯიშოთ. იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება.

– თელავი ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული გუნდია და საწყის ტურებში საკმაოდ მრისხანე მეტოქეების წინააღმდეგ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. როგორ შეაფასებდით გუნდის განვლილ ორ შეხვედრას?

– ახლადაღზევებულმა გუნდმა ჩემპიონთან გასვლით შეხვედრაში „დინამო არენაზე” ფრე ითამაშა და მოგებაც შეგვეძლო. რაც შეეხება გორის დილასთან საშინაო მატჩს, ძალიან გვსურდა თელაველი გულშემატკივრისთვის, რომელიც საკმაოდ მოვიდა სტადიონზე, გამარჯვება მიგვეძღვნა და ახლოს ვიყავით კიდეც ამასთან, მაგრამ გამოცდილება დაგვაკლდა. ახალგაზრდული გუნდი ვართ და თანდათან ესეც მოვა, მსგავსი მატჩები აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

– ბოლოს, გურამ, რას ეტყვით თქვენს გულშემატკივრებს? 

– მთელ საქართველოს მინდა ვთხოვო, რომ  მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს და გარშემომოყოფების ჯანმრთელობას. გთხოვთ, ყველა დავჩეთ სახლში და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ექიმების რეკომენდაციები.

 

ფოტო: საფეხბურთო კლუბ თელავის ოფიციალური Facebook გვერდი

1 კომენტარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ