დავაბრალოთ ყველაფერს ჩვენი თავის გარდა

0
255

ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, რომლისთვისაც ყველაზე დიდი შემართებით ვემზადებოდით და ბოლოს რა მოხდა? ისევ გაუთავებელი საუბრები მსაჯის შეცდომაზე, საკამათო გაძევებაზე, რომლებმაც ბიჭები ფსიქოლოგიურად გატეხა და ასე შემდეგ. მაინტერესებს, როდემდე?

თამაშის წინ, საფეხბურთო ექსპერტ-ჟურნალისტებიან, ფეხბურთელებით დამთავრებული ყველა არ ამბობდა სლოვაკეთს მსაჯთან ერთად უნდა მოვუგოთო? ახლა რა მოხდა, ისევ მსაჯებს ვაგინოთ და ვლანძღოთ.

ფეხბურთელის პროფესიონალად ჩამოყალიბებისას მას ფსიქოლოგიურადაც ამზადებენ მსგავსი მომენტებისთვის და როგორც ჩანს,ქართულ ფეხბურთში ამის სერიოზული პრობლემაა. მარტო ეს რომ იყოს პრობლემა კიდევ ეშველებოდა რამე, მაგრამ ვაი რომ ეს ასე არაა.

არადა მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის იდეალურად დაიწყო. შეხვედრის  მერვე წუთზე ნიკოლოზ მალის პასით, გიორგი კუცია მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიშიც გახსნა.

ამის შემდეგაც გვქონდა მომენტები, მაგრამ სლოვაკების მცირე პროვოკაცია, რომელზეც ქართველი ფეხბურთელები ადვილად წამოეგნენ. მსაჯთან და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან კამათს გადაყვნენ და საკუთარი კარის უსაფრთხოება გადაავიწყდათ. ამით მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს და პეტერ კელესერმა ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი ისევ ჩავარდა და ლუკა ლოჩოშვილს ისღა დარჩენოდა მეტოქის წინააღმდეგ უხეშად ეთამაშა. მეორე საკითხია იყო ლოჩოშვილი გასაგდები იყო თუ არა, მაგრამ როდესაც გაფრთხილებული ხარ და მსაჯი „ჩასაფრებულია”, ფეხბურთელს მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით თამაში მართებს.

მეორე ტაიმში ათკაციანი საქართველოს წინააღმდეგ სლოვაკებმა უპირატესობა მოიპოვეს და ორბურთიანი უპირატესობითაც გავიდნენ წინ. ჯერ კრისტიან ჰერცმა შორუელი დარტყმით აიღო ლუკა გუგეშაშვილის კარი.66-ე წუთზე კი, მარტინ გამბოსმა მესამეც გაიტანა.

საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო წუთებში ბიჭებმა ნამდვილად გაიბრძოლეს და ნუგზარ სპანდერაშვილმა სხვაობაც შეამცირა. ბოლოს რაც მოხდა კი, ეს არც სლოვაკებს ეკადრებათ და არც ქართველებს.

სლოვაკებს, როგორც ჩანს შეეშინდათ 10 კაციანმა ქართველებმა მესამე გოლი არ გაგვიტანონო და აუტის მოწოდებისას ჩენს ფეხბურთელს ჯერ ბურთი ესროლეს, შემდეგ ფეხი წამოუდეს და მონასტერიც აირია. დიაწყო საქმის გარჩევა ფეხბურთელებს და მწვრთნელებს შორის(საქმის გარჩევა ხომ ჩვენი მოგონილია) და  ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ცეცაძემ, მსაჯს შეაფურთხა. გასაგებია, აღელვება, მაგრამ მწვრთნელი, რომ ასე იქცევა ფეხბურთელებს როგორ უნდა ურჩიოს, რომ მსგავს ფაქტებს არ აყვნენ?

საბოლოოდ, 3:2 სლოვაკეთის სასარგებლოდ და საქართველოს ნაკრების შანსები ძალიან მცირდება. ქართველ გულშემატკივრებს კი რაღა დაგვრჩენია. ვიძახოთ დაგვჩაგრეს, მსაჯები ცუდები და ისევ იმით დავკმაყოფილდეთ, რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ