დემეტრე ბულისკერია: როინის შემდეგ ტორპედოს კარში ჩადგომა რთულია

0
425

სანამ საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი შეჩერებულია, ჩვენი ვებგვერდი ამ მონატრების მცირედით აღმოსაფხვრელად გთავაზობთ ინტერვიუებს ქართველ ფეხბურთელებთან. ერთად გავიგოთ, თუ როგორ ატარებენ ისინი თვითიზოლაციას, როგორ ცდილობენ ასეთ დროს ფორმის შენარჩუნებას და ა.შ.

90wuti.ge  გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებისა და ქუთაისის ტორპედოს მეკარე დემეტრე ბულისკერიასთან.

20 წლის ახალგაზრდა მეკარე თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია და 18 წლის ასაკში დინამოს ძირითადი მეკარეც იყო. შემდეგ იგი თბილისის ლოკომოტივში ირჯებოდა, წელს კი იჯარის წესით ქუთაისის ტორპედოს შეუერთდა და სეზონის ბოლომდე „ქუთათურთა” ღირსებას დაიცავს.

– დემეტრე, უპირველეს ყოვლისა, მოგიკითხავთ. როგორ გრძნობთ თავს და როგორ ატარებთ თვითიზოლაციის პერიოდს?

– საბედნიეროდ, თავს კარგად ვგრძნობ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ვირუსითაა დაინფიცირებული, გამოჯანმრთელება ვუსურვო.  ყოველდღიურად ვვარჯიშობ, რომ ტონუსში ვიყო და ფორმა მაქსიმალურად შევინარჩუნო. გარდა ვარჯიშისა, ვკითხულობ საინტერესო წიგნებს, ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშებს და ა.შ.

– ტორპედოში პრაქტიკულად ყველაფერი თავიდან იწყება. სეზონის დაწყების წინ გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა და საწყის ტურებში ჩანდა, რომ გუნდს შეთამაშების პრობლემა ჰქონდა.  ეს პაუზა როგორ იმოქმედებს გუნდზე? 

– ეს პაუზა არამხოლოდ ჩვენს გუნდზე, არამედ ყველაზე ცუდად აისახება. ამდენი ხანი მოედანზე რომ ვერ გადიხარ, საშინელებაა.

– ქუთაისის ტორპედო დიდი ისტორიის მქონე გუნდია, რომელსაც საოცარი გულშემატკივრები ჰყავს. რას ნიშნავს შენთვის ასეთ ტრადიციულ საფეხბურთო გუნდსა და ქალაქში თამაში? 

– ქუთაისის ტორპედო საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი გუნდია და შესაბამისად, ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა ასეთ გუნდში თამაში.

გუნდის ისტორიიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, ტორპედო მუდმივად მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.

– იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ყველამ იცის, წლევანდელ სეზონში რა იქნება ამ ფორმაციის ტორპედოს მიზანი? 

– როგორც აღვნიშნე, ტორპედოს მიზანი ყოველთვის პირველობაა, მაგრამ სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ სეზონში საპრიზო ადგილზე გასვლა დიდი წარმატება იქნება.

– თქვენამდე ქუთაისის ტორპედოს კარს როინ კვასხვაძე იცავდა, რომელიც, თამამად  შეიძლება ითქვას, ტორპედოს ლეგენდაა. რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი მეკარის შემდეგ ტორპედოს კარში ჩადგომა? 

– როინ კვასხვაძე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული მეკარეა. ტორპედოს წარმატებებში მას დიდი წვლილი მიუძღვის და ასეთი  ადამიანის შემდეგ, ტორპედოს მეკარეობა  და  თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, მაგრამ მე თავს არ დავზოგავ, რომ გულშემატკივრებს თავი შევაყვარო.

– ბოლოს, რას ეტყვით ქუთაისელ გულშემატკივრებს? 

– ამ ადამიანებზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. ამ მცირე დროის განმავლობაში, მათგან უდიდესი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, რაც ყველა მოთამაშეს აძლიერებს.

 

ფოტო: ქუთაისის ტორპედოს პრესსამსახური

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ