დიდი მორაგბე, დიდი ქართველი, დიდი კაცი! – ჩვენი „ზირაქა”

0
25

2020 წელი, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ქართული რაგბისთვისაც საკმაოდ მძიმედ დაიწყო. ჯერ იყო ორჯერ ჩაშლილი რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა, დაძაბულობა და ურთიერთბრალდებები.  თუმცა, დღეს ამ სტატიაში ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას და სხვა საკითხზე ვისაუბრებ, რომელიც ქართული რაგბის ქომაგთათვის არცთუ ისე ადვილი გადასატანია.

ცოტა ხნის წინ ქართული რაგბის ორმა ლეგენდამ და „ბორჯღალოსნების” წარმატებების ორმა მთავარმა შემოქმედმა მამუკა გორგოძემ და დავით ზირაქაშვილმა დაასრულეს სანაკრებო კარიერა.

ქედს ვიხრი ორივე მოთამაშის წინაშე და მათი ღვაწლი ქართულ რაგბიში მართლაც ფასდაუდებელია, მაგრამ საკმაოდ უცნაური და გულდასაწყვეტია, რომ ქართულ მედიაში მხოლოდ მამუკას შესახებ წერენ, რომ მან 20-წლიანი სუპერ კარიერა დაასრულა (მარლთლაც სუპერ კარიერა ჰქონდა)  და დავით ზირაქაშვილის შესახებ ბევრს საერთოდ არაფერი უთქვამს, ზოგმა კი გაკვრით ახსენა. ამაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება. როგორც ჩანს, ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა რაგბი არ იციან და მხოლოდ საქართველოს ნაკრების მატჩებს ადევნებენ თვალს. ამ ადამიანთა გასაგონად, მხოლოდ ერთს ვიტყვი: დავით ზირაქაშვილი არის  ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მორაგბე და არა მამუკა გორგოძე.

დავით ზირაქაშვილი 1983 წლის 20 სექტემბერს რუსთავში დაიბადა და რაგბის თამაშიც მშობლიურ რუსთავის ხარებში დაიწყო. ალბათ, მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ ეს რუსთაველი ბიჭი ფრანგულ TOP 14-ში და ზოგადად მსოფლიო რაგბის გამორჩეული ბურჯი იქნებოდა.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ „ზირაქა” თავიდან ჭიდაობაზე დადიოდა და რაგბიზე ვარჯიში, შეიძლება ითქვას, საკმაოდ გვიან, 17 წლის ასაკში დაიწყო. უკვე 19 წლისა საფრანგეთის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ აუბენში ჩაირიცხა. 2004 წელს კი იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრანგული კლუბის კლერმონის რიგებში გადაბარგდა, რომელშიც იმჟამად გოდერძი შველიძე გამოდიოდა. დავით ზირაქაშვილი მალევე იქცა გუნდის შეუცვლელ წევრად, ერთ-ერთ ლიდერად და კლერმონის წარმატებებში ლომის წვლილი შეიტანა. ასევე, 2004 წელს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ შედგა მისი დებიუტი „ბორჯღალოსანთა” რიგებში.

2007-2010 წლებში „ქართველმა ხარმა” კლერმონის შემადგენლობაში top 14-ის 4 ფინალური შეხვედრა ითამაშა. 2008 წლის ფინალში ტულუზას წინააღმდეგ ლელოს დადებაც მოახერხა. 2010 წელს კი გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც ევროპაში ყველაზე პრესტიჟული რაგბის საკლუბო ტურნირის Top 14-ის მოგება შეძლო.

2010 წელს დავით ზირაქაშვილი აღიარებულ იქნა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. ასევე, ის იმ ცნობილი და სახელგანთქმული ქართული შერკინების ნაწილი და ყოველგვარი გადაჭარბების შესახებ ვიტყვით, სულისჩამდგმელია, რომელმაც ერთ კალენდარულ წელს სამი საჯარიმო ლელო მოიპოვა.

რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ქართული რაგბის არცერთ ქომაგს არ დაავიწყდება 2010 წელს  თურქეთის ქალაქ ტრაბზონში გამართული შეხვედრა საქართველო-რუსეთს შორის და დავით ზირაქაშვილის საოცარი ლელო. პირველხაზელმა, 120-კილოგრამიანმა კაცმა, 45-მეტრიანი საოცარი სოლო რეიდი განახორციელა და დაუვიწყარი ლელო დაამიწა რუსთა ჩათვლის მოედანში, რომელიც იმ შეხვედრაში გარდამტეხიც გამოდგა.

 

 

შერკინებაში სწორედ მისი ძლიერი თამაში და დომინანტობა იყო გადამწყვეტი ფაქტორი, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაამარცხა აშშ და კანადა.  2010 წელს „ზირაქა” ცნობილმა გამოცემა „Daily Paragraph” -მა წლის საუკეთესო  ბურჯად დაასახელა.

დავით ზირაქაშვილმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 53 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე „ბორჯღალოსანთა” კვართით გატანილი 8 ლელოა (40 ქულა). ასევე, მან ითამაშა 2007 (საფრანგეთი), 2011 (ახალი ზელანდია) და 2015 (ინგლისი)  წლების მსოფლიო ჩემპიონატზე.  სწორედ, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა მან სანაკრებო კარიერა.

მიუხედავად სანაკრებო კარიერის დასრულებისა, დავით ზირაქაშვილი კლერმონის შემადგენლობაში კვლავ შესანიშნავ ფორმაში იყო და უკვე ასაკში შესულმა მოთამაშემ, საფრანგეთის ნაკრების ძირითადი მარჯვენა ბურჯი რაბაჰ სლიმანი, რომელსაც „ლე ბლეს” შემადგენლობაში 57 მატჩი აქვს ჩატარებული, სათადარიგო ბურჯად აქცია და ყველას გვახსოვს, თუ როგორ დაჩაგრა ინგლისის ნაკრების პირველხაზელი მაკო ვუნიპოლა.

დასანანია, რომ ასეთი დიდი მოთამაშეები, რომლებმაც ბევრს ეს სპორტი შეაყვარეს, სპორტულ კარიერას თავს ანებებენ, მაგრამ მათ თითოეულ რიგით გულშემატკივარს დიდი სიხარული აჩუქეს. ამიტომაც, სანამ მათი სახელის გაგონებაზე ყველა ქართველი ამაყნი და გახარებლნი ვიქნებით, ვიტყვით რომ მათი სპორტული ცხოვრება არ დასრულებულა და ისინი ჩვენ ისევე ძალიან გვიყვარს, როგორც მაშინ, როდესაც თავზეხელაღებულნი იბრძოდნენ მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის.

ასეთია დიდი მორაგბე, დიდი ქართველი და დიდი კაცი ჩვენი ზირაქა!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ