დუდა სანაძე: გრანდებთან ბრძოლის რესურსი კვლავ გვაქვს

0
64

დუდა სანაძე უკვე დიდი ხანია საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების განუყრელი წევრია. მან საქართველოს ნაკრების ღირსება 2015 და 2017 წლების ევრობასკეტებზე დაიცვა, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

ამჟამად სანაძე პორტუგალიის ჩემპიონატის ბინადარ ოლივეირენშეს ღირსებას იცავს, სადაც საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს.

90Wuti.ge ქართველ კალათბურთელს  დაუკავშირდა და რამდენიმე საინტერესო კითხვა დაუსვა:

დუდა, ამჯერად პორტუგალიური კლუბის ოლივეირენშეს რიგებში ირჯებით, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატში 16 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზე იმყოფება. რა იქნება მიმდინარე სეზონში გუნდის მიზანი?

-როგორც წინა წლებში, რა თქმა უნდა, ამ სეზონშიც ჩვენი მიზანი ჩემპიონობა იქნება. ოლივეირენშე გასულ 2 სეზონში პორტუგალიის ჩემპიონი გახდა და წელსაც ჩვენი მიზანი სწორედ ტიტულის მოპოვება იქნება.

ბოლო მატჩში ბენფიკასთან ერთ-ერთი გამორჩეული იყავით მოედანზე და 14 ქულა მიითვალეთ. ბენფიკასთან მატჩზე რას გვეტყვით?

-ბენფიკასთან იოლი თამაში არ გვქონია. მოგება შეგვეძლო, თუმცა ელემენტალური შეცდომები დავუშვით, კარგი გუნდი კი ასეთ ხარვეზებს არ გაპატიებს.

გუნდის მაქსიმუმი რა იქნება ამ სეზონში და მომავალში თქვენ ხომ არ აპირებთ გუნდის გამოცვლას?

-ამ სეზონში მაქსიმუმი რაც შეიძლება მეტი მატჩის მოგება და სეზონის ტრიუმფით დასრულება იქნება. გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და არ ვიცი სეზონის შემდეგ რა იქნება.

ახლა,საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. ასე ვთქვათ, საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესია და ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა. თქვენ, როგორც ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, რას იტყვი, ამ შემადგენლობით რისთვის შეეძლება საქართველოს ნაკრებს ბრძოლა?

-თაობათა ცვლა იოლი პროცესი არასდროსაა. ბევრი ძლიერი მოთამაშე გამოგვაკლდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ვფიქრობ იმის რესურსი მაინც გაგვაჩნია, რომ ძლიერ გუნდებს ვებრძოლოთ. ამ ყველაფრისთვის კი ყველა მოთამაშის ყოლა იქნება საჭირო, როგორც NBA-დან, ასევე NCAA-დან და ევროლიგიდან.

სუპერლიგის მატჩებს თუ ადევნებთ თვალს? თქვენი აზრით,  რა არის საჭირო ქართული საკლუბო კალათბურთის განსავითარებლად?

-დიახ, სუპერლიგას თვალს აქტიურად ვადევნებ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ჩემპიონატში ჩემი ძმა ასპარეზობს, რთული საკითხია, ყველაფერი მაინც ფინანსებთან და ორგანიზებასთანაა კავშირში. ჯერ-ჯერობით ქართულ კლუბებს არ ყავთ სპონსორი, რომელიც გუნდში ფულს ჩადებს. გამომდინარე აქედან, მათ ბიუჯეტის გათვლა მინიმუმზე უწევთ. რის გამოც, კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა დიდი პრობლემაა. ამჟამად ქართველი კალათბურთელი ლეგიონერისგან გამოცდილებას ვერ იღებს, რადგან ხშირ შემთხვევაში მისი კლასი უცხოელისას აღემატება. ძალიან რთული სიტუაციაა, 1 გუნდს მაინც ჭირდება სპონსორი, რომელიც საქართველოს ევროტურნირებზე ასახელებს. როდესაც ეროვნულ ნაკრებს საკმაოდ კარგი შედეგები აქვს, ამ ქვეყნის ჩემპიონატი ასეთ დონეზე არ უნდა იყოს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ