ეროვნული ლიგა – მეორე ტურის სიმბოლური გუნდი 90WUTI.GE-ს ვერსიით

საქართველოში საფეხბურთო სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. CRYSTALBET ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრებში, საერთო ჯამში, რვა გოლი გავიდა, ორი შეხვედრა კი საყაიმო ანგარიშით დასრულდა. 90WUTI.GE გთავაზობთ მეორე ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

როინ კვასხვაძე (დინამო თბ): მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის დინამომ ბათუმის დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა საყაიმო ანგარიშით 1:1 დასრულდა. ქართული ფეხბურთის ფლაგმანი გუნდის მეკარემ არაერთი რთული ბურთის მოგერიება მოახერხა და ქულის მოპოვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

დავით უბილავა (ლოკომოტივი): ორი ტურის შემდეგ ჩემპიონატს თბილისის ლოკომოტივი ერთპიროვნულად ლიდერობს. საჩხერის ჩიხურასთან (3:1) მოგებულ შეხვედრაში აქტიური გახლდათ დავით უბილავა, რომელმაც 36-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძეს გაატანინა.

კაბა სამბუ (სამტრედია): ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ სამტრედიამ პირველი გამარჯვება ქუთაისის ტორპედოსთან შეხვედრაში (1:0) მოიპოვა. მასპინძელთა შემადგენლობაში „კედელივით“ იდგა გამბიელი ცენტრალური მცველი სამბუ, რომელმაც ქუთაისელთა შემტევებს გასაქანი არ მისცა.

ვლადიმირ დიმიტროვსკი (თელავი): თელავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში საკმაოდ ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. გუნდი დაცვითი ფუნქციების შესრულებისას ჩრდილოეთ მაკედონიელი ცენტრალური მცველი დიმიტროვსკი გამოირჩევა, რომელმაც კიდევ ერთი ძლიერი შეხვედრა ჩაატარა.

გიორგი კორიფაძე (ჩიხურა): ზედიზედ მეორე შეხვედრაში გოლით გამოირჩა გიორგი კორიფაძე. საჩხერელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ლოკომოტივთან შეხვედრაშიც თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.

ნიკა ნინუა (დინამო თბ): ქართული ფეხბურთის ფლაგმანი გუნდის რიგებში, სეზონში პირველად, სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ ნიკა ნინუა. თბილისელთა კაპიტანმა 55-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და საკუთარ გუნდს ქულა მოუპოვა.

ამოს ნონდი (გორის დილა): თელავთან მატჩში ძალიან დიდი სამუშაო გასწია კენიელმა ამოს ნონდი ობიერომ. შეხვედრის პირველ ნახევარში მას მთლიანად მარჯვენა ფლანგის კონტროლი უწევდა, რასაც თავი კარგად გაართვა. იმის შემდეგ, რაც გორელთა თავკაც გიორგი ნემსაძეს ფორმაციის ცვლილება მოუწია, აფრიკელი ფაქტობრივად ყველგან იყო და როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს, ასევე შეტევებშიც, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.

ირაკლი რუხაძე (თელავი): ასევე დილასთან დაპირისპირებაში, გამორჩეული იყო თელავის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი რუხაძე. 23 წლის ნახევარმცველმა, 30-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა და არც შემდეგ იყო უქმად.

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ): შესანიშნავი გოლით თავი გამოიჩინა ჯაბა ჯიღაურმაც. საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის დინამოს ფეხბურთელმა მთელი შეხვედრის განმავლობაში არაერთი ლამაზი მომენტი შესთავაზა მაყურებელს.

ნუგზარ სპანდერაშვილი (გორის დილა): ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა ნუგზარ სპანდერაშვილმა. დილას ახალგაზრდა ფორვარდი მიმდინარე სეზონს დამაჯერებლად იწყებს და უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი ამბიციები ამ სეზონში გაცილებით მეტი იქნება.

ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი): ეროვნულ ლიგაში ფენომენალურ გამოსვლას აგრძელებს ირაკლი სიხარულიძე. ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა შემტევმა 36-ე და 53-ე წუთებზე გაიტანა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.

მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე (ლოკომოტივი): მე-2 ტურში ბევრი კარგი შეხვედრის ხილვის შესაძლებლობა არ მოგვცემია. როგორც ჩემპიონატის სასტარტო ტურში, ამ ტურშიც საუკეთესოდ ახალგაზრდა სპეციალისტი, ლევან კორღალიძე მივიჩნიეთ. „ლოკომ“ მეორე შეხვედრაშიც ლამაზი ფეხბურთი გვიჩვენა და საგრძნობლად აღემატებოდა მოწინააღმდეგეს.

CRYSTALBET ეროვნული ლიგის მეორე ტურის სიმბოლური გუნდი 90WUTI.GE-ს ვერსიით. 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ