ექსტორპედოელის გოლებით თბილისის დინამომ ტორპედო დაამარცხა

0
201

თბილისის დინამომ ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.Crystalbet ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში თბილისელებმა არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლეს და ლევან კუტალიას დუბლით 2:1 დაამარცხეს.

მატჩი ქუთაისელებმა კარგად დაიწყეს და საწყის წუთებში კახაბერ ჩხეტიანის ფეხბურთელები გაცილებით მწვავედაც უტევდნენ, მაგრამ მათმა  ვერცერთმა მცდელობამ მიზანს ვერ უწია. ცოტნე მოსიაშვილის შორეული დარტყმა  მცირედით აცდა მიზანს. გრიგოლ დოლიძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კი, სანტიმეტრებით აცდა ხოსე პერალესის კარს.

თბილისის დინამომ კი, თავისი პირველივე შანსი გოლად აქცია. ნიკა ნინუას კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ, ქუთაისელი მცველები საჯარიმოში შეცდნენ და ბურთი ლევან კუტალიას მიუვიდა, რომელსაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. გაშვებული გოლის შემდეგ, დინამომ სათამაშო ინიციატივა მოიპოვა და თამაში ფელიქს ვისენტე მირანდასა და ჩისკო მუნიოსის გუნდის კარნახით მიდიოდა. შეხვედრის 34-ე წუთზე  დინამოს ფეხბურთელების შესრულებით იდეალურად გათამაშებული კონტრშეტევა ვიხილეთ, როგორზეც ნებისმიერი საფეხბურთო გრანდი მოაწერდა ხელს. ხოსე პერალესის გრძელი პასის შემდეგ, ბურთი ნოდარ ქავთარაძეს მიუვიდა, რომელმაც გიორგი კუხიანიძე მოძებნა, მან კი ლევან კუტალიას დუბლი შეასრულებინა. ასე რომ, ექსტორპედოელების  ულამაზესი კომბინაცია დინამოს კარში გატანილი ბურთით დასრულდა. გეტყვით რომ, ეს ლევან კუტალიასთვის მიმდინარე სეზონში გატანილი მეცხრამეტე გოლია და  ბომბარდორთა დავაში ჯოვინო ფლამარიონს 3 ბურთით უსწრებს.

მეორე ტაიმში „ქუთათურები” გააქტიურდნენ და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდათ. განსაკუთრებით, ცოტნე მოსიაშვილი და თორნიკე კაპანაძე აქტიურობდნენ, მაგრამ ტორპედოს შემტევებს გადამწყვეტ მომენტში სიზუსტე არ ჰყოფნიდათ.

ბოლო წამებზე ტორპედომ მაინც გაიტანა. შეხვედრის 94-ე წუთზე გიორგი კიკნაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბოლოოდ, 2:1 და თბილისის დინამომ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა. ასე რომ, დინამოს ჩემპიონობა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. თბილისელებმა დარჩენილი სამივე მატჩი უნდა მოიგონ.

ფელიქს ვისენტე მირანდასა და ჩისკო მუნიოსის გუნდს თამაშები- გორის დილას, რუსთავის და ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ აქვს დარჩენილი.

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ