ვლადიმირ დიმიტროვსკი: ვფიქრობ, ევრო 2020-ზე ჩრ.მაკედონია ითამაშებს

0
2257

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კახეთის რეგიონში დიდი ფეხბურთი დაბრუნდა. ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა ალექსანდრე ამისულაშვილმა, სოსო გრიშიკაშვილმა და მათთან ერთად ირაკლი ვაშაკიძემ 2016 წელს საფეხბურთო კლუბი თელავი დაარსეს, რომელმაც სწორი მუშაობით მიაღწია იმას, რომ 4 წლის დაარსებული კლუბი უკვე ქართული ფეხბურთის ელიტარულ დივიზიონში თამაშობს და საწყის ტურებში აქაც ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. თელაველებმა ჯერ თბილისის დინამოსთან ითამაშეს ფრე (0:0), შემდეგ კი გორის დილასთან ფრე ითამაშეს , თუმცა ბოლო წამებზე გამარჯვების შანსი ხელიდან გაუშვეს.

გასულ ორ მატჩში კახური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული მოთამაშე თელავის 30 წლის ჩრ.მაკედონიელი ცენტრალური მცველი ვლადიმირ დიმიტროვსკია, რომელიც ორივე შეხვედრაში კლდესავით ამაგრებდა საკუთარი გუნდის დაცვის ხაზს.

ჩრ.მაკედონიელ ფეხბურთელს არაერთ კლუბში უთამაშია. ბოლოს იგი რაბოტნიჩკის ღირსებას იცავდა. დიმიტროვსკის მაკედონიის ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

90wuti.ge  ვლადიმირ დიმიტროვსკის დაუკავშირდა. ჩვენ მას საფეხბურთო კლუბ თელავის მიზნებზე, ეროვნულ ლიგასა და მოახლოვებული ერთა ლიგის მატჩებზე ვესაუბრეთ, რომელშიც ჩრ.მაკედონია საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი პოტენციური მეტოქეა.

– ვლადიმირ, როგორ მოხვდით საფეხბურთო კლუბ თელავში? 

– საფხებურთო კლუბ თელავში ჩემი მოხვედრა პირადად რევაზ გოცირიძეს უკავშირდება. წინა წელს, როდესაც იგი საბურთალოში მუშაობდა, ჩემს ყოფილ გუნდს რაბოტნიჩკსა და საბურთალოს სპარინგ მატჩი ჰქონდათ. სწორედ მანდ შევხვდით პირველად ერთამანეთს და როდესაც იგი დამიკავშირდა და თელავში თამაში შემთავაზა, დიდი სიხარულით დავთანხმდი.

– როგორ შეეწყვეთ გუნდს და რა იქნება მიმდინარე სეზონში თელავის მთავარი მიზანი?

– როდესაც კლუბში მოვედი, საოცრად მეგობრული სიტუაცია დამხვდა. ფეხბურთელები,  მწვრთვნელები, ხელმძღვანელობა – ყველას სწორმა მუშაობამ განაპირობა ამ გუნდის წარმატება და დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს კიდევ დიდი პოტენციალი აქვს.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ და ვთვლი, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოსთვის ბრძოლისთვისაც შეგვწევს ძალა.

– რამდენიმე ქართული ვებგვერდის მიხედვით, საწყისი ორი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდით. თავად როგორ შეაფასებთ თქვენს თამაშს? 

– უპირვილეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს. მათ გარეშე ეს აღიარება არ იქნებოდა. ასევე, ქართულ  სპორტულ ვებგვერდებს დაფასებისთვის.

როდესაც შენს თამაშს გამოარჩევენ და დაგაფასებენ, კარგია, მაგრამ დინამოსა და დილასთან მთლიანად გუნდი იყო კარგი. ყველამ ვიცოდით ჩვენი მოვალეობა მოედანზე და ამან განაპირობა ეს შედეგი.

– საკმაოდ ბევრ საფეხბურთო ჩემპიონატში გაქვთ ნათამაშები. რას გვეტყვით ეროვნულ ლიგაზე? 

– სიმართლეს გეტყვით, მაღალი დონის ჩემპიონატი ნამდვილად არაა, მაგრამ პოტენციალი არის და 5-6 წელში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი გაცილებით კარგი იქნება.

იმ ჩემპიონატებში, სადაც მითამაშია, ასეთი მედიამხარდამჭერა არსად ყოფილა, რაც კარგი და სასიამოვნოა.

– მოახლოვდა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები, რომლებშიც  ჩრ.მაკედონიის ნაკრები საქართველოს პოტენციური მეტოქეა. რას იტყვით ამ ტურნირის შესახებ, ვის მიიჩნევთ ფავორიტად და რამდენად დიდია შანსი ფინალში ჩრ.მაკედონიისა და საქართველოს დაპირისპირება ვიხილოთ? 

– ოთხივე გუნდისთვის ისტორიული შანსია დიდ საფეხბურთო ტურნირზე მოსახვედრად და არცერთი არ დაზოგავს თავს. ჩემი აზრით, 31 მარტს „დინამო არენაზე” საქართველო – ჩრ. მაკედონიის ფინალურ მატჩს ვიხილავთ.

რომელიმე გუნდის უპირატესობაზე საუბარი რთული იქნება. ერთი მატჩისთვის განწყობა ბევრს შეუძლია. საქართველოს საკუთარი მოედნისა და გულშემატკივრის უპირატესობა ექნება, მაგრამ, ვფიქრობ, ევრო 2020-ზე ჩემი ქვეყნის გუნდი ითამაშებს.

 

ფოტო: საფეხბურთო კლუბ თელავის ოფიციალური Facebook გვერდი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ