ზვიად კუპატაძე: პირდაპირ ვიტყვი, ფინეთთან მსაჯმა წაგვაგებინა

0
161

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეინრაუნდში პოლონეთთან ლამაზი გამარჯვების შემდეგ, უძლიერეს ესპანეთთან და  ფინეთთან დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა.

აღნიშნული ტურნირის დასრულების შემდეგ, 90wuti.ge საქართველოს ნაკრების კაპიტანს ზვიად კუპატაძეს დაუკავშირდა და მას განვლილი ტურნირის შეფასება სთხოვა.

– პოლონეთთან ძალიან კარგი, სანახაობრივი თამაში ვაჩვენეთ და დამსახურებული გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ამ მატჩში ყველას დავუმტკიცეთ, რომ ქართულ ფუტსალს აქვს მომავალი. ესპანეთთან მატჩი ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა და გვსურდა ესპანელების დამარცხება. ალბათ, მეინრაუნდი სანამ დაიწყებოდა, ესპანელების  დამარცხებაზე ვერც ვიფიქრებდით, მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას ამის რეალური შანსი იყო და რომ არა ძალიან ბავშვური შეცდომა, მინიმუმ ფრეს თამაში შეგვეძლო.  მატჩის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით და სწორედ ამ ფსიქოლოგიურმა მომენტმა იქონია გავლენა ფინეთთან მარცხისას.

რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. მეორედ გვქონდა ასეთი შანსი და გადამწყვეტ თამაშში სათანადო მობილიზებას ვერ ვახერხებთ, მაგრამ ფინეთთან შეხვედრაში, პირდაპირ ვიტყვი, მსაჯმა წაგვაგებინა. ჩვენს მცველებს პირველივე წუთებში გაფრთხილებები მისცა, პენალტი დაგვინიშნა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მატჩში ვერ გვებრძოლა. მატჩის დასრულების შემდეგ, მე მასთან მივედი და ვუთხარი: „ეს თამაში ფინეთს არ მოუგია, შენ მოიგე”.

მაგრამ ასეთ თამაშებში მოდის გამოცდილება და მსაჯების დამარცხებაც უნდა ვისწავლოთ. ორი კარგი შანსი გავანიავეთ, დიდ ფორუმზე გვეთამაშა, მაგრამ მესამეს აუცილებლად გამოვიყენებთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ