ირაკლი აბუსერიძე: 2015 წლის შემდეგ ქართლი რაგბი წინ ვერ მიდის

0
506

30 იანვარს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს რაგბის კავშირის  საარჩევნო ყრილობა  გაიმართება. რაგბის კავშირის გამგეობა ახალ პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი და მათ შორის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი. 2005 წლის 7-კაცა მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის და 2003, 2007, 2011 15-კაცა მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში 85 კეპის მომხვეჭი ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებს.

ის, 2015 წელს ერთხელ უკვე იბრძოდა რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის, მაგრამ მაშინ კანდიდატურა მოხსნა. ამჟამად ირაკლი აბუსერიძე საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრია.

90wuti.ge ბატონ ირაკლის დაუკავშირდა. ჩვენ მას ქართულ რაგბისა და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ვესაუბრეთ.

2015 წელს ერთხელ უკვე ვიყავი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი და ქართული რაგბის განვითარების კონკრეტული გეგმაც მქონდა, თუმცა იმ პერიოდში დაძაბულობამ პიკს მიაღწია და ჩემი თანამდებობა ნამდვილად არ მიღირდა იმად, დიდი ქართული სარაგბო ოჯახი შუაზე გახლეჩილიყო. სწორედ, ამიტომ მივიღე მაშინ გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის შესახებ. ახლა, კი ვხედავ  2015 წლის შემდეგ, ქართული რაგბი  წინ ვერ მიიწევს და ერთ ადგილს ტკეპნის. სავალალო მდგომარეობაშია ბავშვთა რაგბი, სასკოლო თუ სტუდენტური რაგბი, საკლუბო რაგბი და რაც ყველაზე ძალიან მადარდებს და გული მწყდება, ესაა 7-კაცა რაგბი. სამწუხაროდ, ამდენი ხნის განმავლობაში რაგბის კავშირი 7-კაცა რაგბისადმი ძალიან მცირე ყურადღებას იჩენდა და დღეს ის რეალობა გვაქვს, რომ 2008 წლის შემდეგ ევროპა არ მოგვიგია. არადა, ყველა მსოფლიო სერიაზე დავდიოდით. ისეთი გრანდები გვყავს დამარცხებული, როგორებიცაა- ინგლისი, შოტლანდია, არგენტინა და ა.შ. ის რომ საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა 2001 წელს 7-კაცა რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშა, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ ამ წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატი (ყოფილი ევროპის ერთა თასი) პირველად მოვიგეთ და რუმინეთი რუმინეთში დავამარცხეთ. 7-კაცა რაგბი მოზარდს უვითარებს ერთი-ერთზე თამაშის ტექნიკას, მოედნის ხედვას, სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას. ახალგაზრდა მორაგბეებისთვის ეს არის მოსამზადებელი ეტაპი ეროვნული ნაკრებისთვის. 

ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც ამ ხნის განმავლობაში ქართულ რაგბიში იყო არის საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების წარმატება. მწვრთნელების, რომლებიც თანამედროვე რაგბის ქადაგებენ და ბიჭების თავდაუზოგავი შრომის შედეგი. მეხუთე წელია, რაც ჩვენი 20-წლამდელთა ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატს თამაშობს და ეროვნულ ნაკრებში დაწინაურებულ მორაგბეს უკვე აქვს დიდ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება და  ძლიერი გუნდების წინააღმდეგ გამარჯვებულის ფსიქოლოგია.

რაც შეეხება ჩვენი ეროვნული გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას, ჯგუფს სირთულიდან გამომდინარე, ის რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფს დაძლევდა ნაკლებად სავარაუდო იყო, მაგრამ  სამწუხაროდ თამაშის ხარისხიც არ ტოვებდა კმაყოფილების საფუძველს. ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტი და გამაღიზიანებელია სუსტი თამაში შერკინებაში. 2003 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც პირველად გავედით მსოფლიო თასზე და ეს ყველაფერი უცხო იყო ჩვენთვის, მაშინ არ გაუშვია ჩვენს გუნდს პირველი ფაზიდან ამდენი ლელო, რამდენიც 2019 წლის მსოფლიო თასზე.  ბევრი მატჩი წაგვიგია, მაგრამ გულშემატკივარი მაინც ტაშს გვიკრავდა, რადგან რეალურად ხედავდნენ, რომ თავს ზევით ძალა არ იყო. ასეთი ე.წ. „ბობოლა” გუნდების წინააღმდეგაც კი, გამორჩეული იყო ჩვენი შერკინება. აქამდე ვერ ამიხსნია,  მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობის შერჩევისას სამწვრთნელო შტაბის ძალიან უცნაური გადაწყვეტილების შესახებ. ზურაბ ჟვანია და კარლენ ასეიშვილი, რომლებიც თავიანთ კლუბებში უმაღლეს დონეზე თამაშობენ და  შერკინების გამორჩეული ბურჯები არიან, რატომ ვერ მოხვდენ ტურნირზე. ჟვანიასნაირი დინამიური ბურჯი ჩვენ გუნდს ძალიან გამოადგებოდა. ასევე, როდესაც გყავს ისეთი კოლოსალური გამოცდილების მორაგბე, როგორიც მერაბ კვირიკაშვილია, რომელსაც აქვს შანსი მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშოს და მსოფლიო რაგბის ისტორიაში შევიდეს, რატომ არ მიგყავს? არადა, „მეკოს” გამოცდილების მოთამაშე იაპონიაში ძალიან გამოგვადგებოდა.

რაგბის კავშირის წარმომადგენლები, რომ გამოდიან და ახლა მხოლოდ მილტონ ჰეიგს ახოცავენ ხელს. აქამდე სად იყვნენ. 2017 წლის შემდეგ, რაც ჩვენი გუნდის თამაშში  აშკარა რეგრესი ჩანდა, რატომ არ იყო ამაზე საუბარი? მოგებული მატჩების შემდეგ, რატომ არ ხდებოდა ანგარიშის წარდგენა გულშემატკივრებისთვის ან თუნდაც სპორტული ჟურნალისტებისთვის?!

მილტონი, საოცრად შრომისმოყვარე ადამიანი იყო და რთულია  ის ამაგი დაუკარგო, რაც მას ქართული რაგბისთვის აქვს გაკეთებული. მაგრამ, ჩემი აზრით, მან თავისი რესურსი გუნდში 2015 წელს ამოწურა. მსოფლიო თასის შემდეგ იყო ინერციით ნათამაშები ერთი წელი. ამდენი წლების განმავლობაში სულ ვამბობდით „6 ერში”  შესვლა გვსურს რატომ არ გვიღებენ? იტალიასთან წაგებულ მატჩში გამოჩნდა, რომ ჯერ ჩვენი გუნდი იმ ტემპში თამაშისთვის არ არის მზად, რომ „6 ერის” გუნდების წინააღმდეგ ითამაშოს.  ჩემი აზრით, სწორედ ამ მარცხის შემდეგ იყო  მთლიანი მენეჯმენტი შესაცვლელი. იმ მატჩის შემდეგ, ვინმემ საჯაროდ განიხილა რა იყო ამ მარცხის მიზეზი და ა.შ.?

მე კიდევ ძალიან ბევრი რამ ვიცი რაც ხდებოდა მთელი ამ წლების განმავლობაშირა რაგბის კავშირში და აქამდე, ამ ყველაფერს ნაკრების წარმატებები ფარავდა. ახლა კი, ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოტიტივდა.

ისევ მსოფლიო ჩემპიონატს დავუბრუნდეთ. 4 ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ჰყავდათ გუნდში და ბიჭებისგან ვიცი, რომ  მოედნის დანახვაზე ცუდად ხდებოდნენ. გუნდი ტურნირს ფიზიკურად გადამწვარი შეხვდა. დიდი ბოდიშით, მაგრამ ეს არის არაპროფესიონალიზმი, სხვას ამას ვერაფერს დავარქმევ.

მოახლოებულ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ლევან მაისაშვილი უხელმძღვანელებს ჩვენს გუნდს. ლევანი კარგი მწვრთნელია, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ის ნამდვილად საჭიროა გუნდში და   უცხოელ მწვრთნელთან ლევანი   ნაკრებში აუცილებლად იმუშავებს. 

დღეს, ქართული საკლუბო რაგბი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. ქართველი მორაგბეები რუსეთში გარბიან სათამაშოდ და რუსულ ჩემპიონატს აძლიერებენ. ფრანჩიზა საინტერესო პროექტია, მაგრამ ვფიქრობ,  მისთვის ჯერ შესაბამისი ნიადაგი უნდა მოვამზადოთ.

დღეს, საქართველოში ქალთა რაგბს არცთუ დიდი ყურადღება ექცევა. სამწუხაროა, რომ მხოლოდ 7-ქალა ნაკრები გვყავს და არა 15-ქალა ნაკრები. არადა საქართველოში ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს.

ჩემს საარჩევნო პროგრამაში რეგიონალურ რაგბს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. რეგიონებში სარაგბო ბაზები არის, მაგრამ შესაბამისი სარაგბო ეკიპირების ნაკლებობას განიცდიან. 

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ყველა ის ადამიანი. ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, ხედვები  ყველა ადამიანის ინიციატივა იქნება გათვალისწინებული, რაც ქართული რაგბის პროგრესს უზრუნველყოფს. განსაკუთრებით ყურადღება დაეთმობა 7-კაცა რაგბის, ქალთა რაგბის, სასკოლო და სტუდენტურ რაგბის, ბავშვთა რაგბის. ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად შევეცდებით გავაუმჯობესოთ და შევქმნათ ახალი სარაგბო ინფრასტრუქტურა. თბილისის ცენტრალურ უბნებში არ გვაქვს ერთი სარაგბო მოედანიც კი. ვარაზის ხევში  სარაგბო მოედნისთვის გათვალისწინებული ადგილი  ამჟამინდელმა ფედერაციამ გაყიდა. იქ სტანდარტული მოედანი არ აშენდებაო. ჯერ ერთი ბავშვს, მოზარდს არ სჭირდება სტანდარტული მოედანი.

რაც შეეხება რაგბის კავშირში არსებულ საარჩევნო სისტემას. ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს.  ყველა კლუბს პატივს ვცემ, მაგრამ როგორ შეიძლება დიდ, ისტორიულ სარაგბო კლუბსა და ახლახანს დაარსებულ სარაგბო კლუბს ხმების იგივე რაოდენობა ჰქონდეთ.

ასე რომ, ქართულ რაგბის რთული გზა აქვს გასავლელი და იმედი მაქვს ამ გზას ყველა ერთად წარმატებით გავივლით.

 

ფოტოს ავტორი: თაკო კიკალიშვილი

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ