ლევან მაისაშვილი: ლეგიონერებს სათამაშო პრაქტიკა აკლიათ

0
114

საქართველოსა და მსოფლიოში covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით რაგბი ევროპამ მისი ეგიდით ყველა ტურნირი, მათ შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატიც, რომლის დასრულებამდეც ერთი ტურიღა იყო დარჩენილი, შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ  მეხუთე ტურის მატჩი საქართველო-რუსეთს შორის გაურკვეველი ვადით გადაიდო, იგი ჩვენი გუნდისთვის ბევრს არაფერს ცვლიდა. „ბორჯღალოსნებმა” პარიზში პორტუგალიის ძლევით ერთი ტურით ადრე გაინაღდეს ჩემპიონის ტიტული.

აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ლევან მაისაშვილი ასრულებდა, რომელიც ასევე დიდი 10-ის კლუბ ლელო სარასენსის მთავარი მწვრთნელიც გახლავთ.

90wuti.ge ლევან მაისაშვილს დაუკავშირდა და მას განვლილი ტურნირის შეფასება სთხოვა.

„ვერ ვიტყვი, რომ განვლილ ტურნირზე ჩვენ სერიოზული ჩავარდნები გვქონდა. ყველა ის მატჩი, მათ შორის ესპანეთთან და პორტუგალიასთანაც, რომლებშიც სხვებთან შედარებით ბევრი შეცდომა იყო, მთლიანობაში დამაჯერებლად მოვიგეთ. მიუხედავად ანგარიშის მხრივ დაძაბულობისა, მატჩის მსვლელობასა და მიმდინარეობაზე კონტროლი არასდროს დაგვიკარგავს.

ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესია. ვეცადეთ, ამ ტურნირზე მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდა მორაგბისთვის მიგვეცა თავის გამოჩენის საშუალება და მათ, მე ვიტყოდი, საკმაოდ კარგად გაართვეს მიცემულ დავალებას თავი. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, მაგრამ ეს ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად მოვა.

კარგია, რომ 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ბოლო ოთხი წელია სტაბილურად თამაშობს მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო რაგბის ელიტარული გუნდების წინააღმდეგ, რაც ჩვენს ბიჭებს გამოცდილებას და გამარჯვებულის ფსიქოლოგიას უყალიბებს, მაგრამ შემდეგ ზრდას ვერ განაგრძობენ. ამ ასაკის შემდეგ მათ მაღალ დონეზე თამაშის პრაქტიკა სჭირდებათ, რაც სერიოზული პრობლემაა. ისინი მიდიან მაღალი დონის კლუბებში, მაგრამ ან ესპუარებში უწევთ თამაში, ან სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვთ.

მსოფლიო ჩემპიონატზეც და მანამდეც ოკეანეთის ტურნეზე ჩვენი ნაკრების მორაგბეების აბსოლუტურ უმრავლესობას გუნდში თამაშების 30%-იც კი არ ჰქონდათ ჩატარებული. ასეთ  დროს კი რთულია იმ დონის გუნდებს ტოლ-სწორად ეთამაშო და მოუგო.

ბევრი გულშემატკივრის კომენტარი ვნახე, რომ იმ მორაგბეებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სავარაუდოდ კარიერას დაასრულებენ, ნაკრებში არ უნდა ვიძახებდეთ. ჯერ ერთი, ახალგაზრდა მორაგბე გამოცდილი მოთამაშის გვერდზე ძალიან ბევრს სწავლობს და თუ მორაგბე კარგ ფორმაშია და  მაღალ დონეზე თამაში შეუძლია, რატომ არ უნდა გამოიძახო ნაკრებში?! მით უმეტეს, გარკვეულ პოზიციებზე ნაკრებში ნამდვილად გვაქვს პრობლემები, მათ შორის მეორე ხაზში. თან იმის ფონზე, როდესაც კოტე მიქაუტაძე დამტვრეულია და აგერ შალვა სუთიაშვილმა დაამთავრა კარიერა. სერიოზული პრობლემაა 15 ნომრის პოზიციაზეც.

ქართული რაგბის უმთავრესი გამოწვევაა საშინაო ჩემპიონატის გაძლიერება. გუნდებს მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ გამორჩეული მორაგბეები აქედან გაქცევას არ ფიქრობდნენ და იქ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ განიცდიდნენ.

მერაბ კვირიკაშვილის ნაკრებში გამოძახების შესახებაც იყო კითხვები. მეც ვეთანხმები ხალხის მოსაზრებას, რომ „მეკო” დღესაც არის იმ კონდიციებში, რომ ნაკრებში მაღალ დონეზე ითამაშოს. ჩემი სურვილიც იყო, რომ მას ამ ტურნირზე ეთამაშა, მაგრამ თავად მერაბმა შეიკავა ამჯერად ნაკრებში თამაშისგან თავი,“ – ამბობს ლევან მაისაშვილი.

 

ფოტოს ავტორი: თაკო კიკალიშვილი

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ