მაიკლ ჯორდანი: კობი ჩემი პატარა ძმა იყო

0
6

გუშინ სტეპლს ცენტრში კობი ბრაიანტის და მისი შვილის, ჯიჯი ბრაიანტის, პატივსაცემად მიძღვნილი მემორიალი გაიმართა, სადაც NBA-ს არაერთი ლეგენდა იყო.

ვანესა ბრაიანტის შემდეგ სიტყვით ყველა დროის (ერთ-ერთი) საუკეთესო მოთამაშე, მაიკლ ჯორდანი გამოვიდა და კობის ვრცელი სიტყვა მიუძღვნა:

„მადლიერი ვარ ვანესა ბრაიანტისა და მისი ოჯახის, რომ ახლა სიტყვით გამოსვლის საშულება მეძლევა, რათა პატივი მივაგო კობისა და მის შვილს. კობიმ დიდი კვალი დატოვა, როგორც კალათბურთელმა, ბიზნესმენმა და მამამ. თავი არასდროს დაუზოგავს, როგორც კალათბურთელს, ასევე მამას.

ხალხს შეიძლება გაუკვირდეს, რომ მე და კობი ახლო მეგობრები ვიყავით, თუმცა ეს ნამდვილად ასეა. ის ჩემი პატარა ძმა იყო. ხალხი ყოველთვის გვადარებდა, თუმცა მსურდა, რომ მათ მხოლოდ ბრაიანტზე ესაუბრათ.
კობი მირეკავდა ღამის პირველის ნახევარზე, 2-ზე, 3-ზე და მესაუბრებოდა პოსტ-აპის მოძრაობებზე, ვარჯიშზე. თავიდან ეს, რა თქმა უნდა, უსიამოვნო იყო, თუმცა თანდათან ეს ყველაფერი გატაცებაში გადაიზარდა.

კობის უნდოდა, რომ ყოფილიყო საუკეთესო კალათბურთელი, ხოლო ჩემი სურვილი მისი საუკეთესო მეგობრობა იყო. ვამაყობდი, რომ ბრაიანტი უკეთეს პიროვნებად და კალათბურთელად ყალიბდებოდა. ის საუბრობდა საქმეზე, ოჯახზე – ყველაფერზე. კობი, უბრალოდ, ცდილობდა უკეთესი პიროვნება ყოფილიყო.

ცოტა ხანში კვლავ შემხვდება ჩემი ატირებული ფოტო ინტერნეტში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ცოლს ვუთხარი: ტირილს არ ვაპირებ. აი, ამას მიკეთებს კობი.

მახსოვს, რამდენიმე თვის წინ კობიმ მომწერა:
-ვცდილობ, ჩემს ქალიშვილს მოძრაობები ვასწავლო, რაზე მუშაობდი მის ასაკში?
-რა ასაკში?
-12
-ვცდილობდი, ბეისბოლი მეთამაშა.
-ჰაჰ, ბევრი ვიცინე.

ჩვენ ღამის 2 საათზეც ნებისმიერ თემაზე შეგვეძლო საუბარი, როგორც კალათბურთზე, ასევე ცხოვრებაზე. მახსოვს, 2000 წელს, როცა ფილ ჯექსონი ლეიკერსს წვრთნიდა, დავინახე, რომ კობი იქვე იჯდა. მე პიჯაკი მეცვა. პირველივე რაც მან მკითხა, თან მქონდა თუ არა ჩემი სათამაშო ფეხსაცმელები. მე თამაშს არ ვაპირებდი, თუმცა კობის სურვილი – ეთამაშა მასზე ძლიერ მოთამაშესთან და განვითარებულიყო – ეს უბრალოდ საოცრებაა!

ვანესა, ნატალია, ბიანკა, კოკო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვიქნებით. ასევე ვიზიარებთ სხვა დაღუპული ოჯახების მწუხარებასაც.

კარიერის დასრულების შემდეგ კობი ოჯახთან მეტ დროს ატარებდა. ის საოცარი მამა და ქმარი იყო, რომელსაც ოჯახი მთელი გულით უყვარდა.

კობის პარკეტზე თავი არასდროს დაუზოგავს და, ვფიქრობ, იგივე უნდა ჩვენგანაც. არავინ იცის, რამდენი დრო დაგვრჩა. სწორედ ამიტომ უნდა ვიცხოვროთ აწმყოთი, ვისიამოვნოთ მომენტით. ვეცადოთ, რომ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად რაც შეიძლება დიდი დრო გავატაროთ.

როცა კობი ბრაიანტი გარდაიცვალა, ჩემი გარკვეული ნაწილიც მოკვდა. გპირდები, რომ დღევანდელი დღის შემდეგ შენი მოგონებებით ვიცხოვრებ. მე მყავდა პატარა ძმა, რომლის დახმარებას ყველანაირი გზით ვცდილობდი. მშვიდად განისვენე, პატარა ძმაო.“

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ