მას შემდეგ, რაც ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა, არ წყდება საუბრები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტალანტის, კილიან მბაპეს ენფილდზე გადაბარგების შესახებ.
წამყვანმა სპორტულმა გამოცემებმა  კიდევ უფრო მოუხშირეს ამ საკითხზე სტატიების წერას, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ მომავალი სეზონიდან, “წითლების” ახალი სპონსორი ნაიკი იქნებოდა. მოგეხსენებათ, კილიან მბაპე ნაიკის ერთ-ერთი სახე გახლავთ და უახლოვეს წარსულში იმაზეც იწერებოდა, რომ თავად კომპანიაც ჩაერთვებოდა ფრანგის ტრანსფერში და გარკვეულ თანხას გამოყოფდა.

რამდენიმე საათის წინ, დასავლურ მედიაში კიდევ ერთხელ გაიჟღერა მბაპეს და ლივერპულის სახელებმა. ცნობილი გახდა, რომ სეზონის ბოლოს, ევროპის ჩემპიონები მზად იქნებიან 215 მილიონ ფუნტთან დასამშვიდობებლად, რომლის სანაცვლოდაც კილიანი პარის სენ-ჟერმენს დატოვებს და ნისლიანი ალბიონსკენ გაემართება.

ვინ იქნება ინგლისელების მთავარი კონკურენტი, თუ არა მადრიდის რეალი?! “სამეფო კლუბის” ფრანგი თავკაცი პირადადაა დაინტერესებული, თანამემამულის სამსახურით, მაგრამ როგორც ესპანური გამოცემა El Desmarque ამტკიცებს, ლივერპული აპირებს სერიოზულად მოეკიდოს მსოფლიოს ჩემპიონის ტრანსფერს.

მერსისაიდელები წელიწადში 34-მილიონ ფუნტიანი ანაზღაურებით ეცდებიან მბაპეს მონუსხვას. სხვათა შორის, ეს თანხა იმაზე მეტია, ვიდრე ლეო მესი იღებს თავის კლუბში. მოკლედ, დიდი ალბათობით, მომავალ ზაფხულში დიდი სატრანსფერო ციებ-ცხელება გველის

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ