ნოკაუტებით შექმნილი ისტორია. დაუმარცხებელი ლევან ჩოხელი

0
1566

მაშინ, როდესაც 18 იანვარს შერეულ საბრძოლო ხელოვნების გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობის ყურადღება ქონორ მაკგრეგორის და დონალდ სერონის ბრძოლისკენ იყო მიმართული, შეგახსენებთ ეს ბრძოლა ირლანდიელმა 30 წამში მოიგო, მანამდე გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში we love mma-ს 52-ე საღამო გაიმართა, რომელზეც დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი ლევან ჩოხელი ბელგიელ ისა ისაკოვს დაუპირისპირდა და მორიგი მარტივი, შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.

ლევანისთვის ეს მე-9 შეხვედრა იყო და მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვების შემდეგ, 90wuti.ge   დაუმარცხებელ ქართველ მებრძოლს გერმანიაში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

-ლევან, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ მორიგ გამარჯვებას. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ ადვილად დაამარცხეთ მეტოქე. რას გვეტყვით ამ ორთაბრძოლის შესახებ?

-უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა მსურს გადაგიხადოთ გულშემატკივრობისა და გვერდში დგომისთვის. ორთაბრძოლა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ისა ისაკოვი ორგანიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი და ფავორიტია. ამიტომაც, პატივი გვერგო  საღამოს  კულმინაციურ ბრძოლაში ჩვენ შევხვედროდით ერთმანეთს.

იგი ფიზიკურად და ტაქტიკურად ბრწყინვალედ განსწავლული მებრძოლია, მაგრამ  ბრძოლის დაწყებიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც მისი დანოკაუტება შევძელი.

-9 ბრძოლა. 9 გამარჯვება და არცერთი მარცხი. ესაა  თქვენი შედეგი. როგორ ფიქრობთ, რა განსაკუთრებული საბრძოლო სტილი გაქვთ, რომ ვერცერთი მეტოქე ვერ ახერხებს  თქვენთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას?

-შთამბეჭდავი მაჩვენებელია და  ყოველი ბრძოლის წინ, განსაკუთრებული მოტივაციით გავდივარ საჩხუბრად, რომ  დაუმარცხებელის სტატუსი შევინარჩუნო.

ჩემს სტილს რაც შეეხება, თავდამსხმელი ვარ.  მუდმივად აგრესიულად ვჩხუბობ. ვცდილობ დგომში მძიმე დარტყმებით გავთიშო მეტოქე და მალევე მოვამთავრო საქმე.

-თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

-ამ ეფექტური გამარჯვების შემდეგ, როგორც ხალხის, ასევე ორგანიზატორების ყურადღება მივიპყარი და უკვე ერთ თვეში ორგანიზაციის სატიტულო ქამარზე ვიჩხუბებ.

-ამდენი გამარჯვებების შემდეგ, UFC-ში  მოხვედრის შანსები ხომ არ გაზრდილა?

-ყოველი გამარჯვება წინ გადადგმული ნაბიჯიადა ნელ-ნელა ვუახლოვდები ამ პრესტიჟული ორგანიზაციის კარს.

ჯერ ყველაფერი წინ არის. არაერთი მძიმე ბრძოლა მაქვს კიდევ დარჩენილი.

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ