ოთარ გიორგაძე: ახალგაზრდებმა ვეტერანები ღირსეულად უნდა ჩავანაცვლოთ

0
147
KUTAISI , GEORGIA - FEBRUARY 10: Otar Giorgadze of Georgia with ball during the Rugby Europe Championship round 1 match between Georgia and Belgium at Aia Arena on February 10, 2018 in Kutaisi, Georgia (Photo by Levan Verdzeuli/Getty Images)

საქართველოსა და მსოფლიოში Covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თითქმის ყველა სპორტული თუ კულტურული ღონისძიება გაურკვეველი ვადით შეჩერებულია. მათ შორის, შეჩერდა ყველა სარაგბო ტურნირი, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ტურნირი კლუბებს შორის, ფრანგული top 14, რომელშიც ქართველ მორაგბეთა უმრავლესობა თამაშობს, შეჩერებულია. დიდი ალბათობით, გათამაშების რეგულარული სეზონი აღარც განახლდება და მხოლოდ ფლეიოფის მატჩები გაიმართება.

ასევე, გაურკევეველი ვადით გადაიდო 2020 წლის  „რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეხუთე ტურის მატჩი საქართველო-რუსეთს შორის.

შესაბამისად, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მორაგბეები თვითიზოლაციაში არიან და მათ ფორმის შენარჩუნება სახლის პირობებში უწევთ.

90wuti.ge  საფრანგეთში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული ბრივის მესამეხაზელს ოთარ გიორგაძეს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– ოთარ, უპირველეს ყოვლისა, მოგიკითხავთ. იმედია კარგად გრძნობთ თავს. ასევე, გვაინტერესებს როგორ ატარებთ  უცხო ქვეყანაში თვითიზოლაციის პერიოდს და სახლის პირობებში როგორ ცდილობთ ფორმის შენარჩუნებას? 

– დიდი მადლობა მოკითხვისთვის. თავს კარგად და ჯანმრთელად ვგრძნობ. ვუყურებ სხვადასხვა ფილმებს, საინტერესო გადაცემებს და ასე ვცდილობ დროის გაყვანას.

გუნდიდან წამოვიღე სავარჯიშო გირები და სახლში ვვარჯიშობ. ასევე,  ჩვენს სიახლოვეს არის ფეხბურთის სტადიონი და ყოველ დილით მივდივარ სარბენად.

საფრანგეთში როგორი ვითარებაა ამ პანდემიის ფონზე და რა შეზღუდვები მოქმედებს? 

– როგორი ვითარებაც არის სხვა ქვეყნებში, ისეთი ვითარებაა საფრანგეთშიც. აქაც შეზღუდულია სახლიდან გასვლა. ყველას, ვინც სახლიდან გადის, აქვს სპეციალური ფურცელი, რომელსაც აწერია გადაადგილების მიზანი – თუ რატომ ტოვებს სახლს. ეს იქნება პროდუქტების საყიდლად, სავარჯიშოდ, შინაური ცხოველის გასასეირნებლად თუ ა.შ.

ჩემპიონატის გაგრძელება-გაუქმებაზე თუ არის საუბარი, რა ბედი ეწევა  ჩემპიონატს?

– 6-ეულს მიღმა რომელი გუნდებიც აღმოვჩნდით, უკვე ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის სეზონი დასრულებულია.  ადგილობრივ მედიაში იწერება, რომ გათამაშება მხოლოდ ფლეიოფის სტადიაზე მყოფი გუნდებისთვის გაგრძელდება, თუმცა ჯერ არავინ არაფერი იცის. 11 მაისამდე ყველაფერი შეჩერებულია და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა და როგორ იქნება.

– ბრივი გათამაშების ცხრილის მეთერთმეტე ადგილზეა. ქართველ მორაბეებს კი საკმაოდ დიდი სათამაშო დრო გეძლეოდათ და ნაყოფიერი სეზონიც გქონდათ. როგორ შეაფასებთ სეზონს? 

– საკმაოდ პროდუქტიული სეზონი გამოგვივიდა. წელს ჩვენი მიზანი იყო, რომ Top 14-ში ადგილი შეგვენარჩუნებინა და არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ეს ვითარება რომ არ იყოს, ჩვენ ამას მაინც მოვახერხებდით.

მე გუნდს ოდნავ მოგვიანებით შევუერთდი, ამიტომაც ჩემი სეზონით ბოლომდე კმაყოფილი ვარ.

ბოლოს, საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. რას იტყვით ამაზე და განვლილ „რაგბი ევროპის ჩემპიონატს” როგორ შეაფასებთ? 

– თაობათა ცვლა ყველა სფეროში გარდაუვალი მომენტია. საქართველოს ნაკრებში ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია და ვფიქრობ, კარგადაც მიდის.

ჩვენი, ახალგაზრდების ვალია ვეტერანი მორაგბეების საქმე ღირსეულად გავაგრძელოთ და ქართველ გულშემატკივრებს კიდევ არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი და გამარჯვება ვაჩუქოთ.

 

ფოტოს ავტორი-ლევან ვერძული

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ