ფაბიო ბარალდი: ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ დიდი გამარჯვებები გველის

0
288

ბოლო პერიოდში ქართული წყალბურთის წარმატებებმა ამ ლამაზი სპორტის სახეობის მიმართ გულშემატკივრის ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ ერთი ოლიმპიური სტანდარტის აუზი და მოთამაშეთა არცთუ დიდი არჩევანია, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეოთხედ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა ნაკრებმა ისეთი ძლიერი გუნდი დაამარცხა, როგორიც საფრანგეთია, შემდეგ მას თურქეთიც მიაყოლა და ასპარეზობა ევროპის 10 საუკეთესო გუნდში დაასრულა.

ამ წარმატების შემდეგ წყალბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ჩვენს გუნდს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მისცა. 22-29 მარტს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში 12 გუნდი, მათ შორის საქართველოს ნაკრები, ოლიმპიური თამაშების სამი საგზურისთვის იბრძოლებს. რევაზ ჩომახიძის გუნდი საკვალფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში იასპარეზებს, რომელშიც ჩვენი მეტოქეები საბერძნეთი, მონტენეგრო, ბრაზილია, კანადა და თურქეთი იქნებიან.

გარდა ნაკრების წარმატებისა, თბილისის დინამო, რომელიც ყოფილმა წყალბურთელმა გიორგი ხვედელიანმა დაარსა, ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის 16 საუკეთესო გუნდში ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის დინამოს ერთ-ერთი ლიდერი, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ჩვენი გუნდის 30 წლის იტალიელი ლეგიონერი ფაბიო ბარალდია. იტალიელ ცენტრს სხვადასხვა დროს ვალესკროვიაში, ბრიტანულ პოსილიპოში, სანოტიერი ნაპოლიში, სპორტის მენეჯმენტის გუნდსა და რარი ნანტსში უთამაშია. სანაკრებო კარიერას რაც შეეხება, იგი 2014 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

თბილისის დინამოსა და საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ 90wuti.ge ფაბიო ბარალდის დაუკავშირდა. ჩვენ მას საქართველოზე, ქართულ წყალბურთსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

– ფაბიო, როგორ მოხვდი საქართველოს ნაკრებსა და თბილისის დინამოში და როგორ შეეგუე ქართულ მენტალიტეტს?

– ძალიან კარგად, შეგუების პრობლემა არ მქონია. ქართველები ძალიან თბილი და მეგობრული ხალხი ხართ.  თითქოს, ქართული და იტალიური მენტალიტეტი საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან.  ქართველებიც ძალიან მებრძოლი ერი ხართ.

პირველი ჩამოსვლისას იტალიაში რომ დავბრუნდი, ცოტა ვებრძოდი ჩემ თავს, მაგრამ მეორედ ჩამოსვლისას, უკვე სრულიად ადაპტირებული გავხდი საქართველოში. საქართველო ძალიან ლამაზი და ისტორიული ქალაქია, რომელიც, ვფიქრობ, ბევრმა ტურისტმა უნდა მოინახულოს.

საქართველოს ნაკრებში ჩემ გარდა კიდევ თამაშობენ ლეგიონერები: ბორის ვაპენსკი და მარკო ელაჩა, რომლებსაც იტალიაში თამაშის პერიოდში კარგად ვიცნობდი. სხვა ბიჭებმაც ძალიან მეგობრულად მიმიღეს. ერთიანი, შეკრული გუნდი ვართ და ყველა ერთად მივდივართ საერთო მიზნისკენ.

– ამ დროის განმავლობაში ცოტა ქართული ხომ არ გისწავლიათ?

– მეგობრების დახმარებით ცოტა სიტყვები ვიცი. გამარჯობა, როგორ ხარ…(იცინის), მაგრამ  ბიჭებთან ჯერ მაინც ინგლისურად ვსაუბრობ.

– ქართული სამზარეულოდან რომელ კერძს გამოარჩევდით? 

-ქართული კერძებიდან ხინკალი და ხაჭაპური მიყვარს, მაგრამ  ისინი ყოველდღე რომ ვჭამო, შემდეგ აუზში ვერ ვიცურავებ. (იცინის)

– განვლილ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ასპარეზობა ევროპის 10 საუკეთესო გუნდში დაასრულა. როგორ შეაფასებთ განვლილ ჩემპიონატს და ჰქონდა თუ არა საქართველოს ნაკრებს მეტის პოტენციალი?

– ბუდაპეშტში დაფიქსირებული შედეგი საქართველოს ნაკრებისთვის ნამდვილად ისტორიულია, მაგრამ ამ გუნდისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. ევროპაში ათეულში ყოფნა არ არის ის მიზანი, რისკენაც ჩვენი გუნდი მიისწრაფის. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის ბრძოლა. ამას ალბათ 7-8 წელი კიდევ დასჭირდება. მთავარია, იმ დონეზე ვართ, რომ ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია ტოლ-სწორად თამაში, თუ მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიქნებით.

– რუსეთთან თამაშზეც უნდა გკითხოთ. ერთი შეხედვით, აშკარად ჩანდა მსაჯების ძალიან საეჭვო გადაწყვეტილებები. 

– მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, მსაჯი თუ სასტვენს არასწორად იყენებს, ეს ორივე გუნდისთვის საზიანოა. მსაჯებზე საუბარი დროის კარგვაა და მეტი არაფერი.

კონკრეტულად რუსეთთან მატჩში თავიდან ზედმეტად შეშინებულები  ჩავედით წყალში და კონცენტრაციაზე მეტად ემოციური ფონი სჭარბობდა, რის გამოც ბევრი შეცდომა დავუშვით. ბოლოსკენ, როცა ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრებს შეეძლო ამ გუნდის დამარცხება, უკვე გვიანი იყო.

სწორედ ასეთ მატჩებში იზრდება გუნდი. წინ არაერთი მატჩი და ტურნირია და, დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენ ამ გუნდს დავამარცხებთ.

-გერმანიასთან შეხვედრაზეც უნდა გკითხოთ. დიდი უპირატესობით ვიყავით წინ, მაგრამ,  საბოლოოდ, მატჩი დავთმეთ. 

– გერმანიასთან მარცხი გამოუცდელობის ბრალი იყო. 7:3-ს ვიგებდით და მატჩი უკვე მოგებულად ჩავთვალოთ. დავიჯერეთ, რომ თამაში დამთავრებული იყო და კონცენტრაცია დავკარგეთ. ეს ყველაფერი გამოცდილებასა და კლასის მატებასთან ერთად მოვა. თამაში მაშინ მთავრდება, როდესაც მსაჯის სასტვენი გაისმება.

-საქართველოს ნაკრებს ისტორიული შანსი აქვს 2020 წელს ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ითამაშოს. ჩვენი გუნდი საკმაოდ რთულ ჯგუფშია. მოახლოებულ საკვალიფიკაციოში ჩვენს შანსებს როგორ შეაფასებთ? 

– აღნიშნულ ტურნირზე 4 წლის წინ იტალიის ნაკრებთან ერთად ვითამაშეთ. ძალიან მძიმე ტურნირია. ნებისმიერი გუნდი ბოლომდე იბრძვის. ვფიქრობ, წინასწარ ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა და ფსიქოლოგიური წნეხი არ არის საჭირო. უნდა გავიდეთ და დავამტკიცოთ, რომ გაცილებით კარგი წყალბურთის თამაში შეგვიძლია. შანსი ყოველთვის არსებობს, მთავარია ყველასთან ბოლომდე ვიბრძოლოთ.

-თბილისის დინამოზეც გკითხავთ. ეს გუნდი პირველად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის 16 საუკეთესო გუნდში და ჯერჯერობით ყველა მატჩი წააგო. დარჩენილი მატჩებიდან რა იქნება დინამოს მაქსიმუმი და ვისთან შეიძლება გამარჯვებაზე ფიქრი?

– ეს ჩვენთვის პირველი ჩემპიონთა ლიგაა და ძალიან რთულია განსაკუთრებულ შედეგზე ფიქრი. იტალიაში თამაშის დროსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყველასთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა. მერწმუნეთ ამ ტურნირზე  ერთი მატჩის მოგებაც კი ძნელია.

დარჩენილი მატჩებიდან, ვფიქრობ, მარსელთანაც და ტერასასთანაც შეიძლება ბრძოლა და მოგებაზე ფიქრი.

-საკმაოდ ტიტულოვანი წყალბურთელი ხართ. თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქართული წყალბურთი კიდევ უფრო განვთარდეს და წინ წავიდეს?

– ქართული წყალბურთის განვითარებისთვის აუცილებელია ამ სფეროში კიდევ უფრო მეტი გამოცდილი კადრი და მეტი თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან. ყველამ იცის, რომ მე თბილისში დავასრულებ კარიერას, მაგრამ მე საქართელოში დავრჩები და 100%-ით დავიხარჯები ქართული წყალბურთისთვის.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ