ქართველ კალათბურთელებს ვერ აჩერებენ

0
6

გასულ უქმეებზე საკალათბურთო შეხვედრები გაიმართა. ჩვენი ყურადღება კი ესპანეთისკენაა მიმართული, სადაც სამმა ლეგიონერმა ითამაშა და სამივემ მაღალ დონეზე იასპარეზა.

თორნიკე შენგელიას ბასკონია არასტაბილურად გამოიყურება და უკანასკნელი სამი შეხვედრა წააგო. საბედნიეროდ, ეს ცუდი სერია ბეტისთან შეწყდა, რომელიც ვიტორიელებმა 84:73 მოიგეს. მოწოდების სიმაღლეზე იყო თორნიკე შენგელია, ვისაც ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 18 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა. ბასკონიას კაპიტანმა 8-დან 6 საშუალო, 4-დან 1 სამიანი და ამდენივე მცდელობიდან 3 საჯარიმო გამოიყენა. მასპინძელთა რიგებში ქართული პასპორტის მქონდე მეტ ჯენინგმაც ითამაშა, ვინც 3 ქულასთან ერთად, 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. ხუთი ტურის შემდეგ, ბასკონიას 2 მოგება აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს.

საპირისპირო მაჩვენებელი აქვს გიორგი შერმადინის ტენერიფეს (3 მოგება, 2 მარცხი), რომელმაც ამავე ტურში მანრესაში იმარჯვა.  სტუმართა ახალწვეულმა და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა. შერმადინს, თორნიკეს მსგავსად, ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 18 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა. ქართველმა ცენტრმა 23 წუთში 9-დან 7 საშუალო და ოთხივე საჯარიმო გამოიყენა. მას სროლა ორჯერ დაუბლოკეს, მაგრამ ეს სტატისტიკა მის შედეგიანობას არ აკნინებს.

ზემოთხსენებული კალათბურთელებისგან განსხვავებით, ორმაგი დუბლი ბექა ბურჯანაძემ შეასრულა, რაც ფრიად სასიხარულოა. მისი გრან კანარია ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ბარსელონას ესტუმრა და 75:89 დამარცხდა. ჩვენებურს 29 წუთი დაეთმო, რა დროშიც 14 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ბექამ 5-დან 2 საშუალო, 6-დან 2 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. გრან კანარიასთვის ეს მესამე მარცხი გახლდათ, რითაც მე-11 პოზიციას იკავებს.

ლიგა ენდესას მეექვსე ტურში ქართული ჯახი გველის. გიორგი შერმადინი თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის გუნდს დაუხვდება. შეხვედრა 27 ოქტომბერს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ