ქართული ფეხბურთი უიალქნო გემს ჰგავს!

0
91

მთელი მსოფლიო კორონავირუსის მიერ გამოწვეული პანდემიის გამო ჩაკეტილია. კარანტინშია მსოფლიო სპორტი. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. უკვე მარტიდან შეწყდა საქართველოს პირველობა ფეხბურთში და თუ რამე არ შეიცვალა, იგი 25 ივნისს განახლდება. განახლდება მაყურებლების გარეშე.

თუ რამდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით, ეროვნული ლიგა უკვე 30 წელია ერთგვარ „კარანტინშია“. იცვლებიან ხელისუფლებები, ფედერაციის ხელმძღვანელები, კლუბების მფლობელები, ფეხბურთელთა მთელი თაობები, თუმცა არ იცვლება მთავარი – ფეხბურთის ხარისხი და შედეგი. არ მინდა მკითხველს წინასწარ იმედი გადავუწურო, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით, ქართულ კლუბებს ევროსარბიელზე მოხვედრის სერიოზული შანსი არც წელს აქვთ.

დიდი ასაკის არ ვარ, მაგრამ კარგად მახსოვს, რის გამო აკრიტიკებდნენ 2013-2014 წლებში ფეხბურთის ფედერაციას და ნაკრების მწვრთნელს თემურ ქეცბაიას ის ხალხი, რომლებიც დღეს ფედერაციას მართავს. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად იმავე გონორით, იმავე თემებზე შეგვიძლია ვაკრიტიკოთ დღევანდელი ფედერაცია, მეტიც – წლიდან წლამდე ევროპულ არენაზე ქართული კლუბები აუარესებენ შედეგს.

რაც შეეხება ნაკრებს, ყველა ქართველმა დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ uefa-ს, რომელმაც ჩვენი კალიბრის გუნდებს შანსი მისცა და ახალი ტურნირი მოიგონა, სხვა შემთხვევაში საქართველოს ნაკრებმა უკვე იასპარეზა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და როგორც მოსალოდნელი, იყო მხოლოდ გიბრალტარს აჯობა. ძალიან კარგად მახსოვს ჯერ წინა, შემდეგ კი დღევანდელი ფედერაციის პირობებში, როგორ დასრულდა ზესტაფონის საგა, არადა ზესტაფონი ბოლო წლებში ყველაზე წარმატებული და მებრძოლი კლუბი იყო საქართველოს მასშტაბით.

ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას ჰქონდა წარმოდგენილი მომავლის ნაკრების გეგმა სახელწოდებით „მომავლის 11“, რომლის წარდგენიდანაც უკვე 2.5 წელი გავიდა. პროგრამაში საუბარი იყო იმაზე, რომ  მასობრივი ფეხბურთი უნდა განვითარებულიყო. არადა, კვლევების მიხედვით, არა მარტო ფეხბურთით, არამედ მთლიანად სპორტით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 4%-ია დაკავებული, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში.

ასევე, საუბარი იყო ბიზნესის აქტიურ ჩართულობაზე, რასაც მეც ვემხრობი და ვთვლი, რომ ქართული ფეხბურთი სწორედ ბიზნესმა უნდა გამოიყვანოს კრიზისიდან, თუმცა ამ მხრივ კატასტროფულადაა საქმე. ქართული ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი კლუბი – ქუთაისის ტორპედო – ბოლო პერიოდამდე არ იყო დარწმუნებული, შეძლებდა თუ არა ეროვნულ ლიგაში თამაშს, რადგან მას სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. განსაკუთრებით რეგიონებში კლუბების უმეტესობა დღემდე საჯაროა და მათ ფეხბურთელებს ბიუჯეტიდან უხდიან ფულს, ანუ სტადიონებზე საჯარო მოხელეები დარბიან. ზემოთქმულ გეგმაში ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც საუბრობდნენ. დაუნახაობა არ შეიძლება და უნდა ვთქვათ, რომ რეგიონებშიც და თბილისშიც რამდენიმე სტადიონი აშენდა, თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც საჭიროა. დაგეგმილი იყო ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაც, თუმცა არც ამ მხრივაა პროგრესი, არადა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ სწორედ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებით მიაღწია წარმატებას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთი უიალქნო გემს ჰგავს და მის ხელმძღვანელებს ამასთან ერთად არც კომპასები აქვთ; არ ვიცით, საით და რისკენ მივდივართ. უკვე ათწლეულებია ვართ იღბლისა და გამართლების იმედზე. თუ რამე იქნება – იქნება, თუ არადა არც ამაზე მოიკლავენ თავს – სწორედ ეს განწყობაა დღეს ქართულ ფეხბურთში!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ