შალვა სუთიაშვილი: გავიზარდეთ და ასეთი გამარჯვებები აღარ გვაკმაყოფილებს

0
230
FLORENCE, ITALY - NOVEMBER 10: Shalva Sutiashvili of Georgia runs with ball during the rugby international test matche between Italy and Georgia at Artemio Franchi on November 10, 2018 in Florence, Italy. (Photo by Levan Verdzeuli/Getty Images)

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის” (ყოფილი ევროპის ერთა თასი) მეორე ტურის შეხვედრაში ესპანეთი 23:10 დაამარცხა და პრაქტიკულად გაინაღდა ტურნირის მოგება.

„ბორჯღალოსნებმა” ესპანელები პირველ ნახევარში სრულად დაჯაბნეს. მეორე ნახევარში კი, ძირითადად დაცვითი ფუნქციების  შესრულებით ვიყავით დაკავებულნი და  ტაიმი 0 ქულით დავასრულეთ.

ესპანეთთან მატჩის პერიპეტიებსა და მომავალ მატჩებზე სასაუბროდ ჩვენ  საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს შალვა სუთიაშვილს დავუკავშირდით.

-შალვა, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ესპანეთთან გამარჯვებას. როგორ შეაფასებთ თამაშს?

-დიდი მადლობა მოლოცვისთვის. საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ.  მე ვთვლი, რომ ესპანეთის ნაკრების სახით აღნიშნულ ტურნირზე ყველაზე რთულ მეტოქეს მოვუგეთ. მატჩი საკმაოდ კონცენტრირებულად დავიწყეთ.  მეტოქე კარგად  გვყავდა შესწავლილი და ამ ყველაფერმა განაპირობა კიდეც ეს შედეგი.

-მეორე ნახევარი, პირდაპირ ვთქვათ, ჩაგვივარდა. ძირითადად დაცვაში ვიყავით და ესპანელთა შეტევების მოგერიება გვიწევდა.

-პირველ ნახევარში კარგი გუნდური თამაშო ვაჩვენეთ. კოლექტიური თამაშით შევძელით დიდი უპირატესობის მოპოვება. მეორე ნახევარში კი, ამხელა უპირატესობის შემდეგ, უფრო ინდივიდუალიზმზე გავაკეთეთ აქცენტი, რამაც არ გაამართლა.

მეორე ნახევარით ჩვენც უკმაყოფილონი დავრჩით, მაგრამ ერთი დადებითიც უნდა დავინახოთ. დაცვაში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით და დავამტკიცეთ, რომ დაცვაში თამაში ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

იმასაც ვიტყვი, რომ ადრე თუ ასეთი გამარჯვებით კმაყოფილები ვიყავით, ამჯერად ჩვენი გუნდი იმდენად გაზრდილია, რომ ამ თამაშის შემდეგ, მწვრთნელებისა და ერთმანეთისგან უფრო მეტი კრიტიკა მივიღეთ.

საქართველოს ნაკრებს აქვს პრეტენზია, რომ ე.წ. tier 2-ის გუნდებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა და შესაბამისად ასეთი დონის გუნდებთან უფრო დიდი ანგარიშით და გაცილებით დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ.

-„რაგბი ევროპის ჩემპიონატზე” კიდევ სამი მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი. რას იტყვი მომავალ მატჩებზე და  დარჩენილი მატჩებიდან რომელს გაარჩევთ?

-მომდევნო მატჩებს რაც შეეხება. ბელგიას ვფიქრობ საკუთარ მოედანზე მარტივად უნდა მოვუგოთ. პორტუგალია ძალიან ამბციური გუნდა, საკმაოდ კარგი ლეგიონერები ყავს. მითუმეტეს, მატჩი პარიზში გვაქვს. პორტუგალიის ნაკრების ბევრი მოთამაშე თამაშობს საფრანგეთში. ამ მატჩს ბევრი ფრანგი, მათ შორის სხვადასხვა კლუბების ხელმძღვანელები დაესწრებიან და პორტუგალიის ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშეები შეეცდებიან მათ თვალწინ კარგად წარმოაჩინონ თავი.

მიუხედავად ამისა, ყველაზე რთული თამაში რუსეთთან იქნება.  რამეთუ ვაცნობიერებთ ამ მატჩის მნიშვნელობას და რუსების წინააღმდეგ შეცდომის დაშვების უფლება არ გვექნება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ