ხოსე პერალესი: მჯერა, დინამოს დიდი მომავალი აქვს და ძველ დიდებას დაიბრუნებს

0
167

პანდემიამ სხვა ბევრ რამესთან ერთად სპორტიც, მათ შორის, ყველაზე გავრცელებული და ყურებადი სპორტის სახეობა ფეხბურთიც წაგვართვა.  ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თითქმის ყველა სპორტული თუ კულტურული ღონისძიება შეწყდა და გადაიდო. ფეხბურთის მოყვარულები მხოლოდ ძველი მატჩების  ჩანაწერების ყურებით თუ ვინუგეშებდით გულს. ასევე, შეწყდა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატიც Crystalbet ეროვნული ლიგა, რომელიც სულ რაღაც ორი ტურის დაწყებული იყო.

საბედნიეროდ, ქვეყნების უმრავლესობამ, შეიძლება ითქვას, ვირუსის რთული შედეგები გადაიტანა და ნელ-ნელა უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე განახლდა (მაყურებლის გარეშე) და ნელ-ნელა სხვა ქვეყნის ჩემპიონატებიც განახლდება.

საქართველოს ჩემპიონატს რაც შეეხება, ტურნირის განახლების თარიღი და  ფორმატი უცნობია, მაგრამ გუნდებმა სავარჯიშო პროცესი უკვე განაახლეს. მათ შორის, ვარჯიში განაახლა საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის დინამომ. კახა ჩხეტიანის გუნდი ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით დისტანცირებულ რეჟიმში ვარჯიშობს.

90wuti.ge თბილისის დინამოს ესპანელ მეკარეს, გასული სეზონის Crystalbet ეროვნული ლიგის საუკეთესო გოლკიპერს ხოსე პერალესს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.  შეგახსენებთ, 26 წლის ესპანელი მეკარე დინამოს  2019 წელს შეუერთდა, ამ გუნდის მაისურით  42 შეხვედრა ჩაატარა და საქართველოს ჩემპიონობაც იზეიმა.

– ხოსე, უპირველეს ყოვლისა, მოგიკითხავთ. როგორ  გრძნობთ თავს და თვითიზოალაციაში როგორ ცდილობდით ფორმის შენარჩუნებას? 

– ამდენი ხანი თვითიზოლაციაში ყოფნა ძალიან რთულია და რა თქმა უნდა, ეს სპორტსმენზე ცუდად მოქმედებს. სეზონის წინ კარგი შეკრება გავიარეთ, ნელ-ნელა ფორმაში შევდიოდით, ახლა კი ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს.

თვითიზოლაციაში გუნდის მწვრთნელებისგან ყველა ფეხბურთელმა მივიღეთ სპეციალური პროგრამა, რომლითაც  სახლის პირობებში უნდა გვევარჯიშა. ასევე, მე პროფესიონალებთან ერთად ჩემი პირადი პროგრამაც შევიმუშავე და იმ ვარჯიშებს, რომლებიც  რეკომენდაციების დაცვით შესაძლებელი იყო, მაქსიმალურად ვასრულებდი, რომ ტონუსიდან არ ამოვვარდნილიყავი.

– 2019 წელს თბილისის დინამომ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. ამის შემდეგ გუნდში ცვლილებები განხორციელდა: შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, მოვიდა რამდენიმე ფეხბურთელი. საწყის ტურებში იგრძნობოდა, რომ გუნდში შეთამაშების პრობლემა იყო. ეს პაუზა როგორ იმოქმედებს გუნდზე? 

– როდესაც გუნდში გარკვეული ცვლილებები ხდება და ახალ პროექტზე იწყება მუშაობა, ამას დრო სჭირდება. ახალი მწვრთნელი, რომელსაც განსხვავებული მიდგომები აქვს სხვადასხვა საკითხზე; ახალი მოთამაშეები, რომლებსაც ერთად არ უთამაშიათ… ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადვილი არ არის თავიდანვე კარგი ფეხბურთის თამაში და შედეგის დადება. გუნდის შენებას დრო სჭირდება, მაგრამ დინამოში ყველამ იცის თავისი საქმე და მჯერა, ამ გუნდს კიდევ უფრო დიდი მომავალი აქვს.

– თბილისის დინამო უდიდესი ტრადიციების გუნდია, „ქართული ფეხბურთის ფლაგმანი” – ასეც შეიძლება, რომ ვუწოდოთ. ქართული ფეხბურთის წარმატებები დიდწილად სწორედ ამ გუნდს უკავშირდება. მეორე წელია, რაც ამ გუნდში თამაშობთ. რას ნიშნავს თქვენთვის თბილისის დინამო? 

– თბილისის დინამო უდიდესი ისტორიების გუნდია, რომელსაც წარსულში დიდი გამარჯვებები უმაგრებს ზურგს. ეს კლუბი ისეთ ტიტულოვან კლუბებს ამარცხებდა, როგორებიც ინგლისური ვესტ ჰემი, ლივერპული და ა.შ. არიან.

გარდა ისტორიისა, ამ ეტაპზე გუნდს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ  საერთაშორისო ასპარეზზე ძველი დიდება დაიბრუნოს და ერთგულ გულშემატკივრებს მორიგი დიდი გამარჯვებები აჩუქოს.

– გასული სეზონის დასრულების შემდეგ დინამო დატოვეთ, მაგრამ მალევე ისევ დაბრუნდით. ამის შესახებ რას გვეტყვით?

– დეკემბერში გარკვეული მიზეზების გამო ახალ კონტრაქტზე ვერ შევთანხმდით და  კლუბის დატოვება მომიწია. თებერვალში კი, როდესაც დინამოდან დამიკავშირდნენ და კვლავ შემომთავაზეს დინამოს მაისურით თამაში, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. აქაურობა ძალიან შემიყვარდა.

– თბილისის დინამო ზაფხულში საქართველოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარადგენს. როგორ ფიქრობთ, რა იქნება ევროსარბიელზე დინამოს მაქსიმუმი? 

– გასულ სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ ფლეიოფში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ფეინოორდი შეგვხვდა, რომელთანაც ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ კლასის ხარჯზე გვაჯობა.

შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს  გუნდი კარგ ფორმაში უნდა შევხვდეთ, წილისყრის დროს გამართლებაზეც ბევრი იქნება დამოკიდებული.

– საქართველოს ჩემპიონატის შესახებ რას გვეტყვით?

– საქართველოს ჩემპიონატი წლიდან წლამდე ძალიან იზრდება. მნიშვნელობა არ აქვს ლიდერს ეთამაშები, თუ აუტსაიდერს, ყველა გუნდთან მძიმე ბრძოლის გადატანა გიწევს გამარჯვებისთვის. საკმაოდ არაპროგნოზირებადი ტურნირია. ნებისმიერ გუნდს შეუძლია ქულები დაგაკარგვინოს. გასულ სეზონში 4 გუნდიდან 3-მა შეძლო ევროსარბიელზე საწყისი ეტაპის გადალახვა, რაც ჩემპიონატის დონის ზრდაზეც მეტყველებს.

– ბოლოს, რა მოგწონთ და რა არა საქართველოში?

– საქართველო პატარა, ლამაზი ქვეყანაა საინტერესო და თავისებური კულტურითა და ისტორიით.  ქართველები ძალიან თბილი და მოსიყვარულე ხალხი ხართ. გულშემატკივრებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და თავი სახლში მგონია.  აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან კარგი სამზარეულო გაქვთ.

რაც არ მომწონს, მხოლოდ ისაა, რომ ჩემი მშობლიური ქვეყნიდან საკმაოდ შორსაა და ოჯახს მოშორებული ვარ.

 

ფოტო: თბილისის დინამოს ოფიციალური Facebook გვერდი

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ