ჯოვინო : საქართველოს ნაკრებში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი

0
1383

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგი სეზონი დასრულდა. წლევანდელი ჩემპიონატი ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, მძიმე ბრძოლაში ჩემპიონი თბილისის დინამო გახდა. მეორე ადგილი ახლადაღზევებულმა ბათუმის დინამომ დაიკავა და გულშემატკივრების სიმპატიაც დაიმსახურა.

ბათუმის რიგებში გამორჩეული მოთამაშე ბრაზილიელი ფლამარიონ ჯოვინო იყო, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშედ და საუკეთესო ლეგიონერად დაასახელა.

23 წლის ბრაზილიელმა 30 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. დამქანცველი სეზონის შემდეგ, 90WUTI.GE ჯოვინოს დაუკავშირდა და მას რამდენიმე თემაზე გაესაუბრა.

– ჯოვინო, ბათუმი წელს გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში და პირველივე სეზონში ახლოს იყავით ჩემპიონობასთან. რამდენად ელოდით ამას და როგორ ფიქრობთ, რა დაგაკლდათ ჩემპიონობამდე ?

– ჩვენ ჩემპიონები უნდა გავმხდარიყავით, ბევრი მნიშვნელოვანი ქულა დავკარგეთ სახლში და საბოლოოდ, ამის გამო მეორე ადგილი დავიკავეთ. ბედნიერი ვარ, რომ მეორე ადგილზე გავედით, თუმცა ამავდროულად არ ვარ ბედნიერი, რადგან ჩემპიონობა შეგვეძლო. ჩვენ წელს გადმოვედით უმაღლეს ლიგაში და ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ, ამით შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ.

– თქვენ 17 გოლი გაიტანეთ და ბათუმის საუკეთესო მეგოლე გახდით. რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი თავით ?

– ჩემი ინდივიდუალური მაჩვენებლები კარგი იყო, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ტიტული!

– თქვენ ისევ გაკავშირებთ კონტრაქტი ბათუმის დინამოსთან. არის თუ არა დაინტერესება უცხოური ან ქართული კლუბებიდან ?

– დიახ, ბევრი უცხოური კლუბი დამიკავშირდა და გამოთქვეს ჩემი დამატების ინტერესი, თუმცა მე ბათუმთან კიდევ 2 წლით მაკავშირებს კონტრაქტი და ვაპირებ, რომ მის დასრულებამდე აქ ვიყო.

– ქართულ მედიაში აქტიურად განიხილავენ თქვენს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშს. რას ფიქრობ ამაზე, ითამაშებდით თუ არა საქართველოს ნაკრებში შემოთავაზების შემთხვევაში ?

– ეს დიდი პატივი იქნებოდა ჩემთვის, საქართველოს ნაკრებში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.

როგორ შეეგუე ბათუმს და ზოგადად საქართველოს, მოგწონთ თუ არა ჩვენი ქვეყანა ?

– ეს შესანიშნავი ქალაქი და შესანიშნავი ქვეყანაა, შეგუებისთვის დიდი დრო დამჭირდა, თუმცა ახლა ადაპტაცია გავიარე და აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ!

– ქართული ენის სწავლა შეძელით ?

– ძალიან რთული ენაა, თუმცა ფეხბურთთან დაკავშირებული ბევრი სიტყვა ვისწავლე, რაც მოედანზე ფეხბურთელებთან და მწვრთნელთან კომუნიკაციაში მეხმარება.

– ბოლოს, რომელია თქვენი საყვარელი ქართული კერძი ?

– ხინკალი!

90WUTI.GE ფლამარიონ ჯოვინოს დიდ წარმატებას უსურვებს!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ