ჰაკუჰო: საქართველომ ტოჩინოშინით უნდა იამაყოს

0
175

სუმოს შესახებ პირველ ინფორმაციას ჯერ კიდევ მე-8 საუკუნის იაპონური წყარო, 712 წლით დათარიღებული „კოჯიკი” გვაწვდის. ლეგენდის მიხედვით, სუმოს ღმერთები ჭიდაობდნენ. იაპონიის დამაარსებელი ღმერთები ტაკემიკაძუჩი და ტაკემენიკატა სუმოში შეებნენ ერთმანეთს იმის გასარკვევად, თუ ვის ეკუთვნოდა საბოლოოდ იაპონია. პირველი გამარჯვება სუმოში ტაკემიკაძუჩიმ მოიპოვა და ამით დაუდო სათავე სუმოს ისტორიას.

სუმოს წესები საბოლოოდ ჰეიანის ეპოქაში (794-1185) ჩამოყალიბდა. მისი ორთაბრძოლები  რეგულარულად იმართებოდა საიმპერატორო კარზე, საიდანაც იღებს სათავეს სუმოში უმაღლესი ჯილდო – იმპერატორის თასი. რაც შეეხება დოჰიოს (სუმოს საშეჯიბრო წრე), იგი მე-16 საუკუნეში გაჩნდა.

სუმოს უმაღლესი რანგია იოკოძუნა იოკოძუნა (დიდი ჩემპიონი), ოძეკი (ჩემპიონი), სეკივაკე (ვიცე-ჩემპიონი) და კომუსუბი (უმცროსი ჩემპიონი). შემდეგ მოდიან რიგითი მაეგაშირები 1-18-მდე ნუმერაციით.

ამ ლამაზი სპორტის ისტორიას სულ 72 იოკოძუნა ახსოვს. მათგან ყველაზე გამორჩეული კი სუმოს ცოცხალი ლეგენდა, იმპერატორის თასის 43-გზის გამარჯვებული, ლეგენდარული  „თეთრი ფენიქსი” დავააჯარგალ მონხბაატი, იგივე ჰაკუჰო შო გახლავთ.  სუმოში მისი დებიუტი 2001 წელს შედგა. 2004 წელს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში იასპარეზა.  2007 წელს კი  22 წლის ასაკში იგი გახდა ასოშორიუს შემდეგ მეორე მონღოლი რიკიში (მებრძოლი), რომელმაც სუმოს უმაღლეს რანგს, იოკოძუნას, მიაღწია.

2009 წელს მან რეკორდი დაამყარა და ერთი წლის განმავლობაში 86 ბრძოლის მოგება მოახერხა.

ჰაკუჰო ახლა 35 წლისაა და დღემდე მოქმედი მებრძოლია. მისი ტიტულების კოლექცია ასე გამოიყურება: 43-გზის მაკუუჩი დივიზიონის გამარჯვებული, 1 ჯურიუ დივიზიონის გამარჯვებული, 1 კინბოში. ასევე,  ერთხელ მოიპოვა მებრძოლი სულის გამოვლენისთვის დაწესებული პრიზი.

ჰაკუჰო ახლა მიმდინარე მარტის ჰარუ ბაშოზეც ასპარეზობს და ნაკაბის (მერვე დღე)  შემდეგ ტურნირს დაუმარცხებლად ლიდერობს.

90wuti.ge  მონღოლ გოლიათს დაუკავშირდა და მიუხედავად მისი გადატვირთული გრაფიკისა, მცირე ინტერვიუს ჩაწერა მაინც მოახერხა.

პირდაპირ გეტყვით, „თეთრი ფენიქსი” ენაწყლიანობით არ გამოირჩევა, მაგრამ მისი ინტერვიუ მაინც ძალიან საინტერესო გამოვიდა.

– სუმოს ცოცხალი ლეგენდა ბრძანდებით. შეიძლება ითქვას, ამ სპორტში ეპოქა შექმენით. ყველაფერს აქვს დასასრული და ალბათ, კარიერის დასრულებაზეც გიფიქრიათ. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? 

– სუმო ჩემთვის სპორტზე გაცილებით მეტია. 19 წელია ამ სპორტში ვარ და მის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მიუხედავად ამდენი ტიტულისა, გამარჯვება დღესაც პატარასავით მიხარია.

ამ ეტაპზე სრულად მიმდინარე ბაშოზე ვარ კონცენტრირებული და  მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ. რაც შეეხება კარიერის დასრულებას, ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია სუმოს გარეშე.  ვაპირებ იაპონიაში დავრჩე და კვლავ ამ სპორტს ვემსახურო.

– სუმოში ამ ეტაპზე ორი ქართველი მებრძოლი ასპარეზობს – ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და  თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). მათ შესახებ რას გვეტყვით? 

– ორივესთან ვმეგობრობ და კარგი ურთიერთობა მაქვს. ტოჩინოშინი ძალიან მშრომელი მებრძოლია და საოცარ შედეგს მიაღწია. დღეს, მას კარგი პერიოდი არ უდგას, მაგრამ ვხედავ,  ამდენი ტკივილების ფონზე ისევ როგორი მონდომებით ვარჯიშობს.

– ჩვენს ქვეყანაზე თუ გსმენიათ რამე? 

– სამწუხაროდ, საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. მე და კოკაიმ (ლევან ცაგურია) კარიერა ერთდროულად დავიწყეთ და რაღაცებს მელაპარაკებოდა ხოლმე. ვიცი, რომ ტოჩინოშინის წარმატების შემდეგ საქართველოში სუმოს ინტერესი გაიზარდა. ის ძლიერი მებრძოლია, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. საქართველომ მისით უნდა იამაყოს.

 

შენიშვნა:  ბევრს მიაჩნია, რომ ჩვენს ეს მასალა  მოპარულია და ჩვენ ჰაკუჰოსთან კომუნიკაცია არ გვქონია და ამის დასტურად გთავაზობთ  ჩვენი და “თეთრი ფენიქსის” მინაწერს, სადაც ჩანს რომ მან ნამდვილად გვიპასუხა და ინტერვიუზე თანხმობა გაგვიცხადა.  დანარჩენ მინაწერს კი, დაინტერესების შემთხვევაში მოგაწვდით პირად შეტყობინებაში, რადგან არ ვთვლით საჭიროდ ჩვენი სამსუხურეობრივი მოვალეობის შესრულება ვინმესთვის გახდეს თვალსაჩინო❗❗

 

 

 

ყურადღება: მასალა წარმოადგენს 90wuti.ge-ს  ექსკლუზივს და მისი რედაქციასთან შეუთანხმებლად გამოყენების შემთხვევაში,  ვიმოქმედებთ კანონით გათვალისწინებული წესების ფარგლებში! 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ