30 წელი ქართული ფეხბურთის დაარსებიდან

0
46

„გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ ეს სიტყვები საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, ეკუთვნის. სწორედ ასე მიმართა მან თბილისის დინამოს სტადიონზე შეკრებილ ათასობით გულშემატკივარს და საქართველოს პირველი დამოუკიდებელი საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყება მიულოცა. გეტყვით იმასაც, რომ პირველ შეხვედრაში თბილისის დინამო ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდა.

 

ამ ისტორიულ მომენტამდე კი დიდი ბრძოლა იყო. ქართული ფეხბურთი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიდან იყო პირველი, რომელმაც გაბედა და სსრკ-ის  საფეხბურთო ჩემპიონატს გამოეყო.

1990 წლის 15 თებერვალს  „ჭადრაკის სასახლეში”  ჩატარებულ ყრილობაზე მყოფი 450 დელეგატიდან 429-მ მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებელი საფეხბურთო ფედერაციის ჩამოყალიბებას.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის 6 კანდიდატი შეირჩა: კახი ასათიანი, ნოდარ ახალკაცი, მანუჩარ მაჩაიძე, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და ზურაბ პეტრიაშვილი.  საბოლოოდ, ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტად ნოდარ ახალკაცი აირჩიეს.

ამ ინიციატივას მაშინვე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მათ შორის, ქართული ფეხბურთის ისეთი გამოჩენილი  პიროვნება, როგორიც ბორის პაიჭაძე იყო. მათი აზრით, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან გამოყოფა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის დამღუპველი იქნებოდა.

გარდა სპორტული დამოუკიდებლობისა, ეს დღე  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღად იქცა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ჩამოყალიბებაში. ამ დღიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო საქართველოს პირველი საფეხბურთო ჩემპიონატი და თასის გათამაშება.

მას შემდეგ ქართულმა ფეხბურთმა საკმაოდ რთული და ეკლიანი გზა განვლო. იყო, როგორც წარმატებული, ასევე ცუდი მომენტები, მაგრამ სულ რაღაც ერთ თვეში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს  უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის, რომელთა მოგების შემთხვევაშიც ჩვენი გუნდი პირველად იასპარეზებს დიდ საფეხბურთო ფორუმზე (ევროპის ჩემპიონატი).

ეს იქნება იმ რთული გზის დაგვირგვინება, რაც ქართულმა ფეხბურთმა 30 წლის განმავლობაში გაიარა.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ